პრემიერ-მინისტრი პარლამენტშია - ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად რიგგარეშე სესიას ესწრება. ანგარიშის მოსმენა, რომელიც პარასკევს დაიწყო, დღეს დეპუტატების განცხადებებით გაგრძელდა. კომიტეტების, ფრაქციების, პოლიტიკური ჯგუფების, უმრავლესობის და უფრაქციო დეპუტატების შემდეგ, შემაჯამებელი სიტყვა ექნება პრემიერ- მინისტრსაც.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა, რომ კარვებს პარლამენტის წინ არ უნდა ჰქონდეს ადგილი, ხოლო საპარლამენტო დარბაზში - დესტრუქციასა და ყვირილს.
"როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ევროკავშირი ჩვენ გვეხმარება, მაშინ რატომ არ ვაწერთ დოკუმენტებს ხელს, რომლებიც სწორედ იმ დიად მიზანს ემსახურება, რასაც ევროპულ ოჯახში გაერთიანება ჰქვია?! როდესაც ვსაუბრობთ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ კარვებს პარლამენტის წინ არ უნდა ვშლიდეთ და დესტრუქციას და ყვირილს ამ დარბაზში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. მოგიწოდებთ, რომ გადავიდეთ კონსტრუქციულ რეჟიმში, აღარ არის არც კარვების და არც გაჯიუტების დრო, რომ მათ შორის ევროკავშირის შარლ მიშელის მოწოდებულ და შექმნილ დოკუმენტზე ხელი არ ვაწეროთ. ახლა დრო არის იმის, რომ ერთობლივად ვიბრძოლოთ ამ პოსტპანდემიურ პერიოდში, შევქმნათ კანონმდებლობა და შევუქმნათ კეთილდღეობა ჩვენს თანამოქალაქეებს," - განაცხადა მაია ბითაძემ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ პრემიერის ანგარიში სწორ ღირებულებათა სისტემას ეფუძნება, რომელთა შორის ადამიანის უფლებები მწვერვალზეა. მისივე თქმით, ოპოზიცია დღითიდღე უფრო მეტად ემსგავსება "წუნია კაცს" სარეკლამო რგოლიდან.
"ანგარიში ეფუძნება სწორ ღირებულებათა სისტემას, რომელთა შორის ადამიანის უფლებები არის მწვერვალზე. დღითიდღე მეტად ემსგავსება ჩვენი ოპოზიცია სარეკლამო რგოლს "წუნია კაცთან" დაკავშირებით, რომლიც არასდროს არაფრით კმაყოფილი არ არის, აი მაგას ემსგავსება. ალბათ, მეტის მოლოდინი არც უნდა გვქონოდა ოპოზიციის იმ ნაწილისგან, რომელიც დღემდე ჯიუტად ცდილობს, რომ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერას თავი აარიდოს, შეინარჩუნოს საკუთარი გადმოსახედიდან და სტანდარტებიდან, ყველაზე მაღალი ტრიბუნა, რომელიც მისთვის შეიძლება შესატყვისი იყოს და ეს არის კარავი, რომელსაც აგერ რუსთაველის გამზირზე ვხედავთ. თუ რამე იყო პარასკევს რეალობისგან მოწყვეტილი, ეს სწორედ ოპოზიციის უსაგნო რიტორიკა იყო," – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, მიუხედავად არასრულფასოვანი კვებისა და ბავშვთა სიღარიბის ჯერ კიდევ დაუძლეველი პრობლემისა, საბედნიეროდ, ქვეყანაში არც ერთი ბავშვი შიმშილით არ იღუპება. რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ სიღარიბეს, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, 2011 წელთან შედარებით სიღარიბის პროცენტული მაჩვენებელი 2019 წელს 12%-ით ნაკლებს შეადგენდა.
"საბედნიეროდ, ქვეყანაში შიმშილით, მიუხედავად არასრულფასოვანი კვებისა და ბავშვთა სიღარიბის ჯერ კიდევ დაუძლეველი პრობლემისა, ქვეყანაში არც ერთი ბავშვი შიმშილით არ იღუპება. 2011 წელს საქართველოში სიღარიბე იყო 37%-ზე მეტი, 2019 წელს 25%-ზე ნაკლები. რატომ გაიზარდა სოციალურად დაუცველთა ოჯახების რაოდენობა კოვიდპანდემიის დროს? იმიტომ, რომ მორატორიუმები გამოცხადდა პანდემიის ფონზე, ანუ სისტემიდან არ გამოდის არავინ, მხოლოდ დამატება ხდება. კიდევ დარჩა ძალიან ბევრი ტყუილი, რომელიც აქ ჟღერდება. მე რაც ჩამოვთვალე, ყველა მიმართულებით არის პრობლემები და სამუშაო, მაგრამ თქვენ რასაც ხატავთ, თითქოს აპოკალიფსია, ქვეყანა იქცევა, არა, ქვეყანა პოზიტიურად ვითარდება," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.