იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ელჩებთან, კელი დეგნანთან და კარლ ჰარცელთან მისი შეხვედრები სამუშაო ჯგუფში მონაწილეობით შემოიფარგლებოდა და სწორედ ე.წ. მეოთხე ტალღის რეფორმის ბოლომდე მიყვანას შეეხებოდა. ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო ასეთი შეხვედრა, დაახლოებით, 2020 წლის ზაფხულში გაიმართა.
"ჩემი კომუნიკაცია ქალბატონ კელი დეგნანთან და ასევე ბატონ კარლ ჰარცელთან შემოიფარგლებოდა იმ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობით, რომელიც შეეხებოდა სწორედ ე.წ. მეოთხე ტალღის რეფორმის ბოლომდე მიყვანას. იქ იყო ერთ-ერთი საკითხი მნიშვნელოვანი, ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი პროცედურის დახვეწა, ოღონდ არა ყველა, არამედ ზოგიერთ შეხვედრაში, სადაც პატივცემული ელჩები მობრძანდნენ და თავიანთი მოსაზრება დააფიქსირეს.
თუმცა, ამ სამუშაო ჯგუფის შეხვედრების დროს არ ყოფილა განხილვის საგანი სტატისტიკური მონაცემები, ან საქმეთა სიმრავლის პრობლემა, რაც საქართველოში არსებობს. ბოლო შეხვედრა იყო იმ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, თუ არ ვცდები 2020 წლის ზაფხულში, როდესაც ამ შეხვედრების შემდგომ მალევე პარლამენტმა 2020 წლის 30 სექტემბერს მიიღო განახლებული კანონმდებლობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის შესახებ, ამიტომ ამ ფორმატში, ჩვენ არ გვქონია ნამდვილად შესაძლებლობა და ვერც გვექნებოდა, რომ გარკვეულ სტატისტიკურ მონაცემებზე და საქმეთა სიმრავლის პრობლემაზე გვესაუბრა ელჩებთან," - აღნიშნა დიმიტრი გვრიტიშვილმა.