იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, შარლ მიშელის შეთანხმება პოლიტიკური დოკუმენტია და სასამართლოსთვის მისი შესრულება სავალდებულო არ არის. ამის შესახებ მან "დღის კურიერში" სტუმრობისას, სასამართლო რეფორმასა და მოსამართლეთა შერჩევის შეჩერების მოთხოვნაზე საუბრისას განაცხადა.
"პოლიტიკური შეთანხმება სავალდებულო შესასრულებლად სასამართლო ხელისუფლებისთვის ვერ იქნება. ერთი, რომ აქტორი ამ შეთანხმებისა სასამართლო ხელისუფლება არ ყოფილა და მეორე, სასამართლო ხელისუფლებას კონსტიტუცია და კანონმდებლობა ავალდებულებს, რომ დაემორჩილოს მხოლოდ კანონს.
პოლიტიკური შეთანხმება მანამ, სანამ დარჩება, როგორც პოლიტიკური შეთანხმება და არ აისახება მისი კონკრეტული დებულებები კანონის, სამართლის ნორმებში, ჩვენთვის ის შესასრულებლად სავალდებულო ვერ იქნება,"- აღნიშნა "დღის კურიერში" დიმიტრი გვრიტიშვილმა.