17 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
დეპუტატების გამოსვლა პარლამენტში, მთელი დღის განმავლობაში, კამათის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა

დეპუტატების გამოსვლა პარლამენტში მთელი დღის განმავლობაში კამათის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციას ჰქონდა მწვავე გამოსვლები, კრიტიკული იყო მმართველი გუნდიც ოპონენტების მიმართ.

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის, "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ენმ-ს წევრ ნონა მამულაშვილს გამოეხმაურა, რომელმაც პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე რუსეთის ჰიმნი ჩართო. ალეკო ელისაშვილის თქმით, პერფორმანსსაც და გამოხატვის თავისუფლებასაც პატივს სცემს, თუმცა მიიჩნევს, რომ მსგავსი შეურაცხყოფა ზვიად გამსახურდიას და ერთმანეთს არ უნდა მიაყენონ.

"პირველ რიგში, ზვიად გამსახურდიას ხსოვნას და ერთმანეთს ნუ მივაყენებთ იმ შეურაცხყოფას, რაც რამდენიმე წუთის წინ ისმოდა, იმ საძაგელ მელოდიას ნუღარ გავაგონებთ ერთმანეთს, ძალიან გთხოვდით. პერფორმანსსაც პატივს ვცემ, გამოხატვის თავისუფლებასაც. ახლა, იმავეს აკეთებთ, რაზეც გთხოვეთ და ეტყობა, თქვენთან, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ლაპარაკი შეუძლებელია.

ძალიან არ მომეწონა თქვენი გამოსვლა და რატომ - უადგილოდ ოპტიმისტური და საზეიმო იყო. მჯერა რომ არ თამაშობთ, როლში არ ხართ, გულწრფელად გძულთ "ნაციონალური მოძრაობა", ჩვენ აქ არ ვართ არც სიყვარულისთვის, არც სიძულვილისთვის. ზედმეტად ბევრი დრო დაუთმეთ ამ სიძულვილის "პინგ-პონგს"," - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი მამუკა ხაზარაძე პრემიერის ანგარიშს გაშვებული შესაძლებლობების ანგარიშს უწოდებს და მიიჩნევს, რომ 10 წლიანი გეგმის წინასწარ განსაზღვრა :

"მე ამ ანგარიშს როგორც ჩემს წინა გამოსვლაში დავარქვი გაშვებული შესაძლებლობების ანგარიში. თქვენ რომ გამოდიხართ და ჩვენ გვესაუბრებით 10 წლიან გეგმაზე, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ვერანაირად ვერ დაგიჯერებთ იმიტომ, რომ კომუნისტებიც კი 5 წლიან გეგმას ამტკიცებდნენ. 10 წლიანი გეგმის განსაზღვრა, რომ 10 წლის მერე რა შეიძლება იყოს, წარმოუდგენელია," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე საქართველოს ვალზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, 74 მილიარდ ლარს შეადგენს. 

"ჯამური ვალი დღეს ჩვენ საქართველოში გვაქვს 74 200 654 000 ლარი (74 მილიარდი). საქართველო უმუშევრობის მხრივ არის მსოფლიოს ბოლო ათეულში. ანუ, ჯიბუტში, სვაზილენდში, ბოტსვანაში და ლესოტოში რაც არის უმუშევრობა, დაახლოებით ისეთია საქართველოში. ხოლო ზიმბაბვე და რუანდა გვისწრებენ უმუშევრობის უკეთესი მაჩვენებლით," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი თინა ბოკუჩავა კი ქვეყანაში არსებულ სიღარიბესა და გაჩერებულ ეკონომიკაზე ამახვილებს ყურადღებას.

"არ გაინტერესებთ სიღარიბე, რომელზეც ჩემი კოლეგები საუბრობდნენ, არც გაჩერებული ეკონომიკა, არ გაინტერესებთ გაჩერებული ანაკლიის პროექტი. არ გაინტერესებთ ის, რომ ადამიანები ნისიებით ყიდულობენ ერთ აბ მედიკამენტს აფთიაქში. არ გაინტერესებთ იმიტომ, რომ ვერ ხედავთ, როდესაც თავმომწონედ საუბრობთ ამ ტრიბუნიდან რაღაც ილუზორულ საქართველოზე, როდესაც სხედხართ ძვირადღირებულ მანქანებში," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღის ამბები