საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში დეტალურად წარმოადგინა გრძელვადიანი განვითარების ის ძირითადი პარამეტრები და კონტურები, რაც, "ხელისუფლების ღრმა რწმენით, მოიტანს კეთილდღეობას მოსახლეობისთვის".
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, დარბაზში იყო ბევრი ცილისწამებაც, ტყუილი და მანიპულაცია.
"ბუნებრივია, ძალიან ბევრი ცილისწამება მოვისმინე, ძალიან ბევრი ტყუილი, ბევრი მანიპულაცია, ეს გვესმის ძალიან კარგად, ვინაიდან ვიცით, თუ ვისთან გვაქვს საქმე. ბატონმა ირაკლიმ [კობახიძემ] ძალიან სწორი შეფასება გააკეთა, როცა მორიელს შეადარა ის ძალა, რომელმაც ძალიან ბევრი უბედურება მოუტანა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ყოველთვის, მეგობრებო, უნდა შევახსენოთ, პირველ რიგში, ჩვენს თავს და ვსაუბრობთ რა ჩვენს ახლო წარსულზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევედაროთ "ნაცმოძრაობას" და წარმოვაჩინოთ ჩვენი თავი იმგვარად, თუ როგორი კარგები ვართ. არამედ, ეს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ჩვენს თავს, მოსახლეობას, რომ წარსულში ჩვენ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით.
არაერთხელ გაჟღერდა ამ დარბაზში 90-იანი წლები. 30 წელს ითვლის ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატია. ძალიან ბევრი ტრაგიკული შეცდომა, ფატალური შეცდომა დავუშვით ჩვენ, ჩვენმა ხალხმა და იმ ელიტებმა, რომლებიც მართავდნენ ქვეყანას წლების განმავლობაში. მოდით, ვთქვათ მაშინ, რას მივაღწიეთ ამ წლების განმავლობაში. 90-იანი წლებში, მას შემდეგ რაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, რა თქმა უნდა, მთელი ერი იყო გაერთიანებული საერთო დიდი მიზნის გარშემო. ეს იყო ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დიადი იდეა, რასაც მივაღწიეთ, ბუნებრივია, დაინგრა საბჭოთა კავშირი. ამის შემდეგ ჩვენი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ელიტების მიერ ქვეყანა ჩაება სამოქალაქო ომში, ძმათა მკვლელ ომში, დავკარგეთ ტერიტორიები, მივიღეთ ომი აფხაზეთში, სამაჩაბლოში. ჩვენმა გათიშულობამ და ერის გახლეჩვამ, განაპირობა ის, რაც განაპირობა, რაზეც მე ახლა ვსაუბრობ,“- აღნიშნა პრემიერმა.