17 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები მეუბნებიან, რომ ისინი დაიღალნენ "ნაცმოძრაობის" ლიდერების ჩივილით - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში დასკვნითი სიტყვით გამოსვლის შემდეგ ოპონენტები იმ ეპითეტების გამო გააკრიტიკა, რომლებიც პარლამენტში გამომსვლელებმა გამოიყენეს. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამ სიტყვების გამოყენება სახელმწიფოზე დაუშვებელია. 

"ძალიან ცუდად მომხვდა ყურში, არაერთმა გამომსვლელმა, მათ შორის ბატონმა ვაშაძემ, ქალბატონმა ჩარკვიანმა, ქვეყანა მოიხსენიეს შემდეგი ეპითეტებით - "ყველაზე უბედური ქვეყანა", ძალიან მერიდება ამის თქმა - "ჩამპალი ქვეყანა“ და ა.შ. თქვენ ქვეყანა არ გიყვართ მეგობრებო? როგორ საუბრობთ ჩვენს სახელმწიფოზე საერთოდ?!" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ქვეყანას საბოტაჟის რეჟიმში ამყოფებდა, თანამშრომლობა შეუძლებელია.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი სურვილი გვაქვს, ყველანი გავერთიანდეთ, ასეთი დამოკიდებულებით უბრალოდ არ მესმის, ვერ ვხედავ პერსპექტივას, ამ ოპოზიციასთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვითანამშრომლოთ. ქვეყანა 6 თვის განმავლობაში ამყოფეს საბოტაჟის რეჟიმში და დღეს პასუხი არ გაუციათ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რატომ დააზიანეს ჩვენი სახელმწიფო. იცით, რას მეუბნებიან ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები? რომ ისინი დაიღალნენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერების ჩივილით ჩვენზე, კონკრეტულად ჩემზე ან ლიდერებზე კი არა, არამედ ქვეყნის პრობლემებზე, რეალურად იმაზე, რომ აქ რაღაც საშინელება ხდება.

ჩვენ რამდენიმე მაგალითი მოვიყვანეთ და ღიად გააჟღერეს, რომ დღეს, თურმე, მათივე შეფასებით, ქვეყანა არ არის მზად, გახდეს ნატო-ს წევრი. შევახსენეთ მათ, რომ დაჟინებით ითხოვდნენ, არ მიეცათ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, მათივე თანამოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი. ჩვენ ამას მივაღწიეთ, მეგობრებო და კიდევ უფრო მეტს მივაღწევთ, მიუხედავად თქვენი ამ მავნებლური პოლიტიკისა. მე არ მოვერიდები ამის თქმას, ეს არის მავნებლობა და ეს მავნებლობა უნდა დაამთავროთ, უნდა დაამთავროთ იმიტომ, რომ ასე ქვეყანა ვერ განვითარდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

დღის ამბები