06 მაისი 2024,   15:45
ვრცლად
სამაშველო ოპერაცია მაიამიში - მაშველებმა ნანგრევებში 9 ადამიანს მიაგნეს, ყველა მათგანი გარდაცვლილი იყო

ფლორიდაში მეხუთე დღეა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. საცხოვრებელი კომპლექსის ჩამონგრევის შემდეგ მაშველებმა 9 ადამიანს მიაგნეს, მაგრამ 9-ვე გარდაცვლილი იყო. ადამიანების ხმა, რომელიც პირველ დღეებში სამაშველო სამსახურს ნანგრევებიდან ესმოდა, ახლა აღარ ისმის. ეძებენ 150 მოქალაქეს. 

ირკვევა, რომ ექსპერტიზა 12-სართულიან კორპუსს 2018 წელს ჩაუტარდა. მაშინ დადგინდა, რომ კანალიზაციის სისტემის საფუძველს ეროზია ჰქონდა, ასევე დაზიანებული იყო პარკინგის საყრდენი ბოძები. გამაგრებითი სამუშაო დაიწყო, თუმცა დაგვიანებით. ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა, ამას გამოძიება სწავლობს. სამწუხაროდ, ამ დრომდე სამაშველო სამსახურებს ნანგრევებიდან ცოცხალი მოქალაქე არ ამოუყვანიათ.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები, როგორც აშშ-ის სხვადასხვა შტატიდან, ასევე, მექსიკიდან და ისრაელიდან. სამძებრო ღონისძიებებში ჩართული ჰყავთ ძაღლებიც. ორეო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მეძებარი ძაღლია, რომელსაც შეუძლია მოქალაქეები ნანგრევების ისეთ სიღრმეებში ეძებოს, სადაც მაშველებს წვდომა ჯერ კიდევ არ აქვთ. 

სამაშველო სამუშაოებს თვალს ადევნებენ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ნათესავები. მიუხედავად იმისა, რომ შენობის სტრუქტურის ჩამოშლიდან მეხუთე დღეს მაშველებს ცოცხალი მოქალაქე ნანგრევებიდან ამ დრომდე არ ამოუყვანიათ, ისინი იმედს არ კარგავენ, რომ ჩამოშლილი კონსტრუქციის ქვეშ გადარჩენილებს იპოვიან.

დღის ამბები