ევროპარლამენტარების მოწოდების პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მესამე სექტორი მოუწოდებს თბილისი პრაიდის მიმდინარეობის დროს, აქტივისტების უფლებები დაიცვას.
არასამთავრობო სექტორში აცხადებენ, რომ მათი და ევროპელი დეპუტატების მოთხოვნები იდენტურია და საფრთხის რეალურობიდან გამომდინარე, სახელმწიფო უწყებებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ თბილისი პრაიდის მონაწილე პირების უსაფრთხოება დაცული იყოს.
"საფრთხე არის რეალური. ჩვენ აქტიურად ვსწავლობთ ულტრამემარჯვენე რადიკალური ჯგუფების მესიჯბოქსს, ორგანიზატორებისა და ზოგადად, თბილისი პრაიდის მხარდამჭერების წინააღმდეგ. ამ საფრთხეებს კი, სჭირდება სათანადო რეაგირება. აუცილებელია ხელისუფლებამ საპოლიციო ძალები მოაბილიზოს ამ დღეს," - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" მედია მკვლევარი ქეთევან მურღულია.
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი კი აცხადებს, რომ აგრესიული ჯგუფების მხრიდან ღია მუქარა ისმის და პრაიდის დღეს, პოლიციამ აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება აუცილებლად უნდა უზრუნველყოს.
"მუქარა, რომელიც აგრესიული ჯგუფების მხრიდან ისმის, მიგვანიშნებს, რომ საფრთხე რეალურია. ისინი ცდილობენ ხელი შეუშალონ აქციის ჩატარება, ემუქრებიან მათ რომ მოხდება ძალის გამოყენება და ეს უკვე სცდება კანონის ფარგლებს. თუკი ასეთი ქმედებები იქნება, პოლიციამ აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს,"- აღნიშნავს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი.