ამერიკის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერის მიმართ მოკითხვა მის წარმომადგენელს ფილიპ რიკერს დააბარა. ევროპის და ევრაზიის საკითხებში შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გლობალური კოალიციის მინისტერიალზე განუცხადა.
ფილიპ რიკერის თქმით, საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის პრიორიტეტულია.
"ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო ჩემი მეგობრის, ჩემი კოლეგის დავით ზალკალიანის ნახვა, მას გადავეცი მოკითხვა სახელმწიფო მდივან ბლინკენისგან და ასევე, რა თქმა უნდა, გადავეცი პრეზიდენტ ბაიდენის მოკითხვა პრემიერისადმი. ვფიქრობ, ჩემი ვიზიტი რეგიონში იყო ძალიან სასარგებლო, მოვახერხეთ დავწეოდით ბოლო დროის მოვლენების განვითარებას. საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი პრიორიტეტულია ჩვენთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს რეგულარულ დიალოგსა და საუბრებს, რა თქმა უნდა, ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ თბილისში ჩვენს საელჩოსთან, რომელიც კვლავ აქტიურ როლს ასრულებს 19 აპრილის შეთანხმების სრული იმპლემენტაციისთვის. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ გააგრძელოს წინსვლა და ჩვენ რასაკვირველია, აბსოლუტურად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა, სუვერენიტეტს და სტაბილური განვითარებადი დემოკრატიის წარმატებას," – აცხადებს ფილიპ რიკერი.
ფილიპ რიკერისა და დავით ზალკალიანის პირისპირ შეხვედრა რომში შედგა, რა დროსაც სტრატეგიულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებს.
"ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეები - ეს იყო ჩემი ორმხრივი შეხვედრების განხილვის თემა, განსაკუთრებით ჩემს ამერიკელ პარტნიორთან, სტრატეგიულ პარტნიორთან. დეტალურად ვაცნობე ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები, გახელაძის თემაც იყო განხილული და თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია გაიზარდოს, მოხდეს ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, მან შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და თავი და თავი მიზეზი სწორედ ეს გახლავთ, შეუსრულებელი საერთაშორისო ვალდებულებები," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.