17 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 2 კანდიდატთან გასაუბრება იწყება - ლევან კოკორაშვილმა და გენადი მაკარიძემ შესაძლოა მოსამართლე მზია თოდუა ჩაანაცვლონ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 2 კანდიდატთან გასაუბრება ამ წუთებში იწყება.

კანდიდატებმა შესაძლოა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მზია თოდუა ჩაანაცვლონ, რომელსაც იანვარში საპენსიო ასაკი შეუსრულდა. ესენი არიან იურისტი ლევან კოკორაშვილი და სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე გენადი მაკარიძე. ისინი შესაბამისი კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ.

"კონკურსი გამოვაცხადეთ გასული წლის ნოემბერში. შეჩერდა გასაუბრებები იქიდან გამომდინარე, რომ პარალელურად ვერ ჩავატარებდით გასაუბრებებს, ვინაიდან უკვე ე.წ. 9 კაციანი სია უკვე წარდგენილია პარლამენტისთვის, მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგრძელდა სხვა კონკურსებიც, მათ შორის კონკურსიც, რომელიც 2 ნოემბერს არის გამოცხადებული. ჩვენ უკვე გავაკეთეთ განცხადებები წინა კონკურსთან მიმართებაში, რომ კანონი გვავალდებულებს ჩვენ, ეს გასაუბრებები ჩავატაროთ, შევასრულოთ, ჩავატაროთ ის პროცედურები, რომლის შემდეგაც წარდგენილი იქნება კანდიდატი პარლამენტისთვის," - განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა.

პარალელურად, იურიდიული კომიტეტი დღეს სამუშაო ჯგუფს შექმნის, რომელიც მოსამართლეთა კანდიდატების დოკუმენტების კანონმდებლობასთან შესაბამისობას დაადგენს. სამუშაო ჯგუფში უმრავლესობასთან ერთად ყველა ოპოზიციური პარტიის თითო წევრი იქნება წარმოდგენილი.

ოპოზიცია, რომელიც ამ პროცესს ეწინააღმდეგება სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას არ აპირებს.

"ზედმიწევნით მოვითხოვთ შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებას, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსამართლეების წარდგენა, არჩევა, დამტკიცება უნდა შეჩერდეს და თქვენ იცით, რომ როგორც უკიდურესი ზომა ვთქვით, ბოიკოტს გამოვუცხადებთ ამ პროცესს იმიტომ, რომ ეს ერთხელ და სამუდამოდ ჩააბეტონებს კლანს," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა მამუკა ხაზარაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, "მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანის განმარტებით, შარლ მიშელის შეთანხმების მიხედვით, ჯერ უნდა ჩატარდეს სასამართლო რეფორმა და უკვე ამის შემდეგ უნდა დაინიშნონ მოსამართლეები.

"შარლ მიშელის შეთანხმება, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების გზავნილი არის ძალიან ცალსახა, ისინი გვიფერადებენ ფურცლებს უკვე და გვეუბნებიან, მეგობრებო შეხედეთ რა წერია ამ დოკუმენტში და აქ წერია, რომ ჯერ უნდა ჩაატაროთ რეფორმა და მერე დანიშნოთ მოსამართლეები. თუ მოვლენ ადამიანები, რომლებიც წარდგებიან და თავისი ხედვა ექნებათ, თავისთავად მოვუსმენთ ალბათ და შეკითხვებს დავუსვამთ, მაგრამ მხარის დაჭერა იქნება ძალიან რთული," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი კი ამბობს, რომ მოსამართლეების შერჩევის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალეა.

"საკანონმდებლო ცვლილებები სადღაც 2022 წლის საგაზაფხულო სესიისთვის უნდა დასრულდეს. გამომდინარე აქედან რა თქმა უნდა ჩვენ გვჭირდება, რომ სასამართლო ფუნქციონირებდეს - ეს ერთი, მეორე - ეს არის კანონის მოთხოვნები, რომელსაც ასე ხისტად ვერ გავაჩერებთ და ასე უბრალოდ ვერ გადავდებთ. მესამე საკითხი გახლავთ ის, რომ ეს პროცესი არის მაქსიმალურად გამჭვირვალე," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები