3 საათზე მეტია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 2 კანდიდატთან გასაუბრება მიმდინარეობს. პარალელურად, იურიდიული კომიტეტი დღეს სამუშაო ჯგუფს შექმნის, რომელიც მოსამართლეთა კანდიდატების დოკუმენტების კანონმდებლობასთან შესაბამისობას დაადგენს. სამუშაო ჯგუფში უმრავლესობასთან ერთად ყველა ოპოზიციური პარტიის თითო წევრი იქნება წარმოდგენილი. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა დროებით შეჩერებული იყო.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ლევან კოკორაშვილმა განმარტებით, გასაუბრებისას კითხვები საკანონმდებლო ბაზას და საკონსტიტუციო გადაწყვეტილებებს ეხებოდა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტში მოსამართლეთა არჩევის პროცედურები დიდი ხნით არ უნდა შეჩერდეს.
"ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მათ შორის მზად ვართ, რომ შევხვდეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. რაც შეეხება პარლამენტში არჩევის პროცედურის შეჩერებას, ჩვენი პოზიციაა, რომ დიდი ხნით არ უნდა შეჩერდეს ეს პროცედურები, ვინაიდან უზენაესი სასამართლო საჭიროებს მოსამართლეების დანიშვნას," - აცხადებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი ლევან ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ არა მარტო ენმ-მ, არამედ არც ერთმა პარტიამ და არც სამოქალაქო სექტორმა აღნიშნულ პროცესში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.
"ასეთ განხილვაში, რომელზეც მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საუბრობენ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის სახიფათო, მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
როგორც პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლეთა არჩევის პროცესი მაინც გაგრძელდება, "ლელო" შეთანხმებიდან გამომდინარე იმოქმედებს.
"თუ ისინი ამ პროცესს მაინც გააგრძელებენ, ჩვენ ვიმოქმედებთ შეთანხმებიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ დავარღვევთ შეთანხმებას, რომელიც ჩვენ გვაკისრებს ვალდებულებას არ მივიღოთ მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესში იმიტომ, რომ ჩვენ ეს ვალდებულება ავიღეთ სანამ რეფორმები არ განხორციელდება," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.