17 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
ჩვენი მთავარი დასაყრდენი საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერაა - ლაშა დარსალია ჟენევის 53-ე რაუნდის შესახებ

ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული პირების გათავისუფლება, ბორდერიზაცია, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გადაჭრა - ამ და სხვა საკითხებზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდზე იმსჯელებენ.

ქართული მხარე ამბობს, რომ მთავარი დასაყრდენი საერთაშორისო საზოგადოების და პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერაა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია იმედს გამოთქვამს, რომ მოლაპარაკების პროცესში მცირე ნაბიჯები მაინც იქნება გადადგმული.

"სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ეს მძიმე ფონი არის მიზანმიმართულად კიდევ უფრო დამძიმებული, რადგან რუსეთის ფედერაცია ყოველთვის ცდილობს გამოიყენოს ადამიანის უფლებათა ვითარება როგორც ზეწოლის ინსტრუმენტს საქართველოს დელეგაციაზე, ეს კიდევ უფრო ამძიმებს მოლაპარაკებათა პროცესს.

ჩვენი მთავარი დასაყრდენი არის საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერა და ჩვენი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ყველა მოლაპარაკებათა პროცესში ჩვენ გვაქვს ყოველთვის მოლოდინი, რომ თუ გარღვევა არა, პატარა ნაბიჯები მაინც იქნება გადადგმული," - აცხადებს ლაშა დარსალია.

შეხვედრის ტექნიკური ნაწილი უკვე დაწყებულია. ქართული დელეგაციის განცხადებით, საკითხები ასევე შეეხება ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე სოციალურ - ეკონომიკურ მდგომარეობას და გადაადგილების შეზღუდვას.

დღის ამბები