მმართველი გუნდის განცხადებით, მოსამართლეების შერჩევის პროცესი კანონთან სრულ შესაბამისობაში მიმდინარეობს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესის შეჩერების საფუძველი და მიზეზი ლოგიკურად არ არსებობს.
"ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც შეიძლება რელევანტური ყოფილიყო და ბმაში ყოფილიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან საქართველოს პარლამენტში, უკვე განხორციელებულია და ამის შემდეგ კიდევ დამატებით შეჩერების საჭიროება, ვფიქრობ, ლოგიკურად არ არსებობს. ამ შემთხვევაში მე ვერ ვხედავ ვერც ერთ ისეთ ფრაგმენტს მიშელის დოკუმენტიდან, რომელშიც გათვალისწინებულია სამომავლოდ რაიმე რეფორმის განხორციელება და რასაც შეუძლია გავლენა იქონიოს ამ შერჩევის პროცედურებთან," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც იგივეა პოზიციაზეა. მისი თქმით, ყველაფერი სწორედ შეთანხმების შესაბამისად შესრულდა.
"არც ერთი კითხვა არ ისმის თავად იუსტიციის საბჭოში შერჩევის პროცედურა, ის კანონმდებლობა, რომელიც არსებობს არის თუ არა შესაბამისობაში ვენეციის კომისიის დასკვნასთან. ანუ არის შესაბამისობაში, ის, რომ შეჩერდა ესეც ხომ ფაქტია, ის, რომ კანონის ცვლილების შემდეგ განახლდა როგორც ეს დოკუმენტში არის, ესეც ფაქტია, ყველაფერი შესრულდა სწორედ ამ შეთანხმების შესაბამისად," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.