პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმ ჯგუფის შექმნაზე მსჯელობენ, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დოკუმენტაცია უნდა შეისწავლოს.
ოპოზიციამ ჯგუფში მუშაობაზე უარი განაცხადა და კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. პარტიები მოითხოვენ, რეფორმის დასრულებამდე დანიშვნის პროცესი შეჩერდეს, როგორც ეს შარლ მიშელის დოკუმენტშია ნათქვამი.
"ჩვენ ამ ფარს პროცესში შესვლას არ ვგეგმავთ, ჩვენ მოვითხოვთ, რომ შეიქმნას რეფორმის სამუშაო ჯგუფი, ზუსტად ისე, როგორც ეს გათვალისწინებულია შარლ მიშელის შეთანხმებით და მანამდე დანიშვნების პროცესი შეჩერდეს. ხელისუფლება ღიად და აშკარად აკეთებს განცხადებას, რომ ის დაარღვევს შარლ მიშელის შეთანხმებას, შესაბამისად, თვითონ მოუწევს ამისთვის გადაიხადოს ძალიან მძიმე ფასი, მოსამართლეებსაც მოუწევთ, რომელთა ინდივიდუალური სანქცირების საკითხი უკვე გახსნილია და ამაზე ვაშინგტონში მუშაობა უკვე მიმდინარეობს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი ანა ნაცვლიშვილი.
"ქართული ოცნების" წევრი ალუდა ღუდუშაური ოპოზიციის ბოიკოტს ირონიით პასუხობს და ამბობს, რომ როგორც ჩანს, მათთვის კარვების ფორმატში მუშაობა უფრო მოსახერხებელია.
"ძალიან საინტერესოა, სად წავიდა ოპოზიცია. კარვები იმიტომ აქვთ გაშლილი, სადაც რას აპროტესტებენ, წარმოდგენა არ მაქვს და როდესაც ვეუბნებოდით, რომ აიღეთ ეს კარვები, ალბათ ამისთვის ჰქონდათ გადანახული, რომ კომიტეტზე უარს იტყოდნენ, გამოაცხადებდნენ ბოიკოტს და ჩავიდოდნენ კარვებში, როგორც ჩანს, კომიტეტზე სხდომის ნაცვლად, კარვებში საქმიანობა უკეთესია,"-აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი ალუდა ღუდუშაური.