სოციალური სამართლიანობის ცენტრი საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შესატანად ემზადება. არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტის მიერ ჩხრეკასთან დაკავშირებით მიღებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებს.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ახალი კანონი მოქალაქეების უფლებების დაცვას ვერ უზრუნველყოფს. დეტალებზე საუბარს სოციალური სამართლიანობის ცენტრი დღევანდელ ბრიფინგზე გეგმავს.
"პარლამენტმა მიღებული კანონით სრულყოფილად არ გაითვალისწინა სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები და რეალურად, ახლებურად შემუშავებული და განსაზღვრული კანონმდებლობა კვლავაც არ უზრუნველყოფს ჩხრეკის ჩატარების პროცესში მოქალაქეების უფლებების მაღალი სტანდარტებით დაცვას.
ამავდროულად, კანონმდებლობა არ ავალდებულებს სამართალდამცავ ორგანოებს რომ მსგავსი მტკიცებულებები გამყარებული ანუ დასაბუთებული იყოს სხვა ნეიტრალური მტკიცებულებებითაც. საბოლოო ჯამში ვიღებთ ვითარებას, რომ დღესაც, ახალი რეგულირების პირობებშიც სათანადოდ ვერ იქნება დაზღვეული პოლიციელთა თვითნებობა,“ - აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე.