მოახლოებულ "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით განცხადებები კეთდება ხელისუფლებაში. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ადამიანები ძალადობისგან იყვნენ დაცული.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ალუდა ღუდუშაურის თქმით, საქართველოში კონსტიტუციით არის გარანტირებული ადამიანის უფლებები, მათ შორის გამოხატვის თავისუფლება.
"საპატრიარქო არავის არაფერს არ უკრძალავს, ეს ერთი. ვისაც მართლა გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და თვითმიზანი არ არის, რომ გავმართოთ ისეთი ღონისძიება, აქტივობა, გამოხატვა, რომელიც ხელოვნურად დაძაბავს სიტუაციას და აწევს ტემპერატურას, ასეთ შემთხვევაში, ყველა მე მგონი ასეთ სიტუაციაში თავს შეიკავებდა ასეთი ღონისძიების გამართვისაგან. მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ საქართველოში კონსტიტუციით არის გარანტირებული ადამიანის უფლებები, მათ შორის გამოხატვის თავისუფლება,“ - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია.
"სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თუნდაც მცირე ძალადობას არ ჰქონდეს ადგილი, მაგრამ საკითხი, რომელიც შეიცავს რისკებს, ვფიქრობ, რომ ყველამ, მათ შორის მისმა ორგანიზატორებმა უნდა გაითვალისწინონ. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენთან არის დაცული, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ამ პროცესის დროს ქვეყნის უსაფრთხოება და საზოგადოების სტაბილურობა იქნეს დაცული,“ - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.