ხელისუფლების ოპონენტები ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას პოსტიდან წასვლას აფასებენ. ოპოზიციის ნაწილს არ სჯერა, რომ მან ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო, ნაწილი თვლის, რომ ცესკოს თავმჯდომარეს თანამდებობა უფრო ადრე უნდა დაეტოვებინა.
პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანია ახალი თავმჯდომარის არჩევა საერთო კონსენსუსით მოხდეს.
"ეს არის აღიარება 2020 წლის გაყალბების, წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი არაფერს არ აშავებს, მას არ ხსნიან ხოლმე ასე მოულოდნელად, მით უმეტეს, ერთი კვირით ადრე რომ მჯიღებს ირტყამდნენ, რომ თამარ ჟვანია ჩაატარებდა ისევ არჩევნებს. უმნიშვნელოვანესია, საერთო კონსენსუსით მოხდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევა და არ მიეცეს "ქართულ ოცნებას" შესაძლებლობა, ახალი თამარ ჟვანია დანიშნოს,“ - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე თამარ ჟვანიას მიერ თანამდებობის დატოვებას სწორ ნაბიჯად აფასებს.
"თამარ ჟვანიას გადაწყვეტილება არის სწორი, იმიტომ, რომ ისეთი ჩატარებული არჩევნების შემდეგ, რომელიც ჩვენ ვნახეთ გასული წლის ოქტომბერში, ეს ნაბიჯი მას უფრო ადრეც უნდა გადაედგა. ისეთი თავმჯდომარე უნდა იქნას არჩეული, რომელიც შეძლებს ისე ჩატარებას, რომ წლევანდელმა არჩევნებმა მოგვცეს რეალური შედეგი,“- აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
თამარ ჟვანიას ამ გადაწყვეტილებას ელოდა პარლამენტის ფრაქციის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი არმაზ ახვლედიანი.
"ეს არის "ქართული ოცნებისთვის" ერთგვარად სახის მოწმენდის მცდელობა, მაგრამ თუ აქ უნდა დავსვათ წერტილი, ნიშნავს, რომ არაფერი არ იცვლება,“ - აცხადებს არმაზ ახვლედიანი.
პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩის” წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ თამარ ჟვანიას გადადგომის გადაწყვეტილების უკან "ქართული ოცნება" დგას და ამ ნაბიჯს პოზიტიურად აფასებს.
"მე არ მგონია თამარ ჟვანია რაღაც დამოუკიდებელი ფიგურა, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ "ქართლი ოცნების" მიერ ეს გადადგმული ნაბიჯი არის პოზიტიური,“ - აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.
თამარ ჟვანიას მიერ თანამდებობის დატოვებას აფასებს პარტიის ”საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი.
"იმ საკითხების გადასაფარად, რომელიც დღეს მიმდინარეობს სასამართლო სისტემაში, "ქართულმა ოცნებამ" იძულების ფორმით, სავარაუდოდ, გადააყენა თამარ ჟვანია და გარკვეულწილად, ამით ცდილობენ სახის შენარჩუნებას,“ - აცხადებს გიორგი ხოჯევანიშვილი.