თბილისის საქალაქო სასამართლოში "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის განხილვა მიმდინარეობს. პროცესზე გვარამიას გარდა კახაბერ დამენია და ზურაბ იაშვილი არიან დაბარებული.
"ნინო ნიჟარაძის წარმომადგენელმა ჯერ დაიწყო საუბარი იმაზე, თუ რა დარღვევები იყო "რუსთავი 2-ში", თუმცა მას შემდეგ, რაც ჯვარედინი დაკითხვის ეტაპზე ჩვენ დავუსვით კითხვები, მან დაადასტურა, რომ სულ, რომ ისე მომხდარიყო როგორც ის ამბობს პრეტენზიებში, რაც ცხადია არ შეესაბამება რეალობას, ამ დაშვების პირობებშიც კი ეს ქმედებები არ არის დანაშაული და მაქსიმუმ სამოქალაქო დავა შეიძლება წარმართულიყო მხარეთა შორის," – აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.
პროკურორი ზვიად გუბელაძის თქმით, ბრალი, რომელიც ნიკა გვარამიას და კახაბერ დამენიას აქვს წარდგენილი 2015 წლის ხელშეკრულებას შეეხება, სადაც "რუსთავი 2-ის" ქონებრივი უფლება გაიფლანგა.
"ნინო ნიჟარაძის წარმომადგენელი მიუთითებდა 2015 წლის ხელშეკრულებაზე, სადაც მათივე შეფასებით "რუსთავი 2-მა" განიცადა დაახლოებით 10 მილიონამდე ლარის ზიანი და როგორც თქვენთვის არის ცნობილი სწორედ ერთ-ერთი ბრალი, რომელიც წარდგენილი აქვს ნიკა გვარამიას და კახაბერ დამენიას, შეეხება 2015 წლის ხელშეკრულებას, სადაც ჩვენივე შეფასებით "რუსთავი 2-ის" ქონებრივი უფლება გაიფლანგა, დაახლოებით 6 700 000 ლარი სწორედ ნიკა გვარამიას და კახაბერ დამენიას უკანონო ქმედებებით," - აცხადებს ზვიად გუბელაძე.
შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, "რუსთავი 2-ის" საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე "რუსთავი 2-ის" ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და "ინტერ მედია პლიუსის" დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.
ნიკა გვარამიას ბრალი, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით "რუსთავი 2-ის" კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ედავება.