17 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
ომბუდსმენი პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს

სახალხო დამცველი პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს. სახალხო დამცველის განცხადებით, პროცესში მანამდე არ ჩაერთვება, სანამ მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფის მიერ სასამართლო სისტემის ერთპიროვნული მართვა არ დასრულდება. 

"დღეს ჩვენ ვეღარ ვხედავთ იმის აუცილებლობას, რომ პროცესში ვიყოთ ჩართული პარლამენტის წინაშე. 19 აპრილის შეთანხმებამ დაადასტურა ის, რომ ქვეყანაში ყველა პოლიტიკური აქტორი თანხმდება, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ვინც ეს ხალხი წარუდგინა პარლამენტს, საჭიროებს ფუნდამენტურ რეფორმას. საბჭოს აქვს უამრავი დიდი პრობლემა, ერთ ერთი მისი მთავარი გამოწვევაა, მის შიგნით არსებული გავლენიანი ჯგუფი, რომელიც სასამართლო ხელისუფლებას მართავს,"- აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.

სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას იწონებენ იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც ჯერ კიდევ გუშინ გამოუცხადეს ბოიკოტი სამუშაო ჯგუფს. პოლიტიკურ პარტიებში ამბობენ, რომ ისინი მაინც შეეცდებიან პროცესის შეჩერებას, სტრატეგიასთან დაკავშირებით კი, კონსულტაციის გამართვას გეგმავენ.

ოპოზიციის ნაწილი კი იმედოვნებს, რომ "ქართული ოცნება" გადაწყვეტილების მიღებისას საერთო კონტექსტს გაითვალისწინებს.

სახალხო დამცველის პოზიცია პოლიტიკურ განცხადებად აღიქვამს მმართველი გუნდი. უმრავლესობა კრიტიკას კრიტიკითვე პასუხობს და განმარტავენ, რომ ომბუდსმენს ამ პროცესში ჩართვას კანონი ავალდებულებდა. 

სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატის დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობას სწავლობს, კვირის ბოლომდე უნდა გაწეროს საკომიტეტო მოსმენების განრიგი.

დღის ამბები