20 ნოემბერი 2024,   05:11
ვრცლად
გრემის ტაძარში ქართველი მეფის ლევან ბაგრატიონის აკლდამა აღმოაჩინეს

საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გრემის მთავარანგელოზთა ტაძარში ქართველი მეფის, ლევან ბაგრატიონის აკლდამა გამოავლინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.

მუზეუმის ვებ-გვერდზე გარდა აკლდამის აღმოჩენაზე ინფორმაციისა, ლევან მეფის ბიოგრაფიის შესახებაც არის საუბარი და ნათქვამია, რომ ლევან მეფეს, მისი დიდი ღვაწლის გამო, შთამომავლობამ "დიდის" და "აღმშენებლის" ზედწოდებებიც  კი მიანიჭა.

ლევან მეფემ ერთიანი საქართველოს დაშლის შედეგად წარმოქმნილ კახეთის სამეფოში  54 წელი იმეფა (1518-1574 წლებში) და მისი  გონივრული საგარეო და საშინაო პოლიტიკის  წყალობით, ქვეყანამ არნახულ სტაბილურობას და ეკონომიკურ აღმავლობას მიაღწია.

მართალია ისტორიული წყაროების და გადმოცემების მიხედვით, მათ შორის ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებითაც, ეს დიდი მოღვაწე ქალაქ გრემში, მისივე ძალისხმევით აგებულ მთავარანგელოზთა ტაძრის კომპლექსში უნდა ყოფილიყო დაკრძალული, მაგრამ ამ განსასვენებლის კონკრეტული ადგილი უცნობი იყო, ვინაიდან საფლავის ქვა ან სხვა ზედმიწევნითი მინიშნება არ არსებობდა.

მიმდინარე არქეოლოგიური კვლევის დროს ტაძრის დარბაზის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში, შემაღლებული პლატფორმის ქვეშ, კედელზე გამოსახული ტაძრის გვირგვინოსანი ქტიტორის - ლევან მეფის ფერწერული გამოსახულების წინ გამოვლინდა აგურით საგულდაგულოდ გამოყვანილი, თაღური კამარით გადახურული აკლდამა, რომლშიც ორ საფეხურიანი დრომოსით ჩადიოდნენ. აკლდამაში ნეშტთან ერთად XVI საუკუნის რამდენიმე ნაკეთობაც აღმოჩნდა.

გამოვლენილი ნეშტის პირველადი ანთროპოლოგიური შეფასება არ ეწინააღმდეგება საფუძვლიან მოსაზრებას, რომ აკლდამაში აღმოჩენილი ნეშტი სავარაუდიდ ლევან მეფეს ეკუთვნოდა. საბოლოო იდენტიფიცირებისთვის, მოპოვებული ნეშტის ფრაგმენტების და აკლდამის ინტერიერიდან აღებული სხვა ნიმუშების კვლევა ტექნიკური მეთოდებით ჩატარდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვლევით ინსტიტუტებში, აგრეთვე საზღვარგარეთის სპეციალიზირებულ ლაბორატორიებში.

არქეოლოგიურ სამუშაოებს მხარს უჭერს საქართველოს საპატრიარქო და ნეკრესის ეპარქია, ბაგრატიონთა ოჯახის შთამომავლები და აგრეთვე კახეთის რეგიონში მოღვაწე საქმიანი წრეებით დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფი.

დღის ამბები