მოახლოებულ "თბილისი პრაიდზე" და ჰომოფობიური ჯგუფებისგან მომდინარე საფრთხეებზე, "დღის კურიერის" ეთერში, ლგბტ ადამიანების და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება "თბილისის პრაიდის" წევრმა გიორგი თაბაგარმა ისაუბრა.
გიორგი თაბაგარმა პრაიდის წევრების მთავარი მოთხოვნა გააჟღერა, რომელიც აქციაზე მიმსვლელი ადამიანების უსაფრთხოების დაცვაა. მისი თქმით, ამის ვალდებულება სახელმწიფოს და მასთან ერთად, ყველა უწყებას ეკისრება.
"ჩვენი მთავარი მოთხოვნაა აქციაზე მიმსვლელი ადამიანების უსაფრთხოება. სამწუხარო რეალობაში გვიწევს ცხოვრება, სადაც ამხელა ვნებათაღელვა მოსდევს უბრალოდ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობას. ჩვენ კი, ჩვენივე სურვილის საწინააღმდეგოდ ვართ ჩართულები ამ პროცესში. ის, რომ სახელმწიფომ ადამიანის უფლებები დაიცვას და მშვიდობიანად ჩატარდეს პრაიდის კვირეული, მთელი ქვეყნისთვის კარგი იქნება. სახელმწიფოს პოლიტიკური ნების საკითხია ის, თუ რამდენად უღირთ მათ ადამიანების სიცოცხლე. ეს ყველა ინსტიტუციის ვალდებულებაა. სახელმწიფოს მხრიდან მიდგომა კი, კონტექსტური და კომპლექსური უნდა იყოს. ჰომოფობიას ყველა მხრიდან უნდა ვებრძოდეთ," - აცხადებს გიორგი თაბაგარი.
"თბილისი პრაიდის" კვირეული დღეიდან დაიწყო, 5 ივლისს დაგეგმილია ღირსების მარში, პარალელურად კი კონტრაქცია.