საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ "ბათუმი რივიერას" საქმეზე პრესკონფერენცია გამართა. შეხვედრაზე სასამართლოს მიერ მიღებულ ახალ განჩინებაზე ისაუბრეს, რომელიც მათი თქმით, საფრთხეს უქმნის ბათუმის ისტორიული ნაწილის გადარჩენას.
მათი განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს მითითების მიუხედავად "რივიერას საქმეზე" მშენებლობის ნებართვის მოქმედება კვლავ არ შეაჩერა.
"ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო საქალაქო სასამართლომ, რომელმაც ფაქტობრივად არ გაითვალისწინა სააპელაციო სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეჩერებულიყო "ბათუმი რივიერას" მშენებლობა. საია, როგორც მოსარჩელეების წარმომადგენელი, საქალაქო სასამართლოს განჩინებას კვლავ გაასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოში და რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო ამჯერად უფრო მეტად მომზადებული დახვდება ამ განჩინებას და მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც უნდა მიიღოს,“ - აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი.