სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები "თბილისი პრაიდის" მონაწილეების შეკრების ადგილას მივიდნენ და პრაიდის კვირეულის მონაწილეებს ბოთლები, კვერცხები და სხვადასხვა საგანი დაუშინეს.
სიტუაცია კიდევ ერთხელ მას შემდეგ დაიძაბა, რაც "პრაიდის" მოწინააღმდეგეებს თანამოაზრეთა კიდევ ერთი ჯგუფი შეუერთდა. მათ გზის გადაკეტვა სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. ნაწილი კი ტერიტორიას განარიდეს.
"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის ათეულობით სამართალდამცველი იდგა. პოლიციამ ე.წ "ცოცხალი ჯაჭვი" გააკეთა და რკინის კონსტრუქციები განათავსა. საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით მობილიზებულმა პოლიციელებმა დღეს როგორც კრიტიკა, ისე შექებაც დაიმსახურეს.
"პრაიდის" მოწინააღმდეგეები დალოცეს სასულიერო პირებმა. მათი ქმედებები კი არასამთავრობო ორგანიზაციის და სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა დაგმეს.
"თბილისი პრაიდის” ხმაურიანი კვირა დღეს 2019 წლის მოვლენებზე მომზადებული დოკუმენტური ფილმის ჩვენებით გაიხსნა. დახურულ ღონისძიებას მესამე სექტორის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
კვირეული 5 ივლისს, ე.წ ”ღირსების მარშით” უნდა დასრულდეს.