20 ნოემბერი 2024,   00:54
ვრცლად
როგორ ამოვიცნოთ საშიში ინფექციები, რომელიც ტკიპის ნაკბენისგან ვრცელდება - საქართველოში ყირიმ-კონგოსა და ლაიმის დაავადება დაფიქსირდა

სეზონური ინფექციები, რომლებიც განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში აქტიურდება - ყველაზე ხშირი და რთული შემთხვევა ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება და ლაიმის დაავადებაა. ეს ინფექციები ადამიანს ტკიპის ნაკბენისგან უვითარდება. 

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების ძირითადი მახასიათებლები და გავრცელების არეალი:

მაღალი ცხელება ის ძირითადი მახასიათებელია, რომლითაც ტკიპის ნაკბენის შემდეგ მიხვდებით, გაქვთ თუ არა ყირიმ-კონგოს ინფექცია. 

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე ამბობს, რომ ეს ინფექცია საქართველოში წელს უკვე დაფიქსირდა, თუმცა არა დიდი რაოდენობით. 

საშიში ინფექცია - ასე ახასიათებს ინფექციონისტი დაავადების სიძლიერეს. 

"კორონავირუსის პარალელურად, გააქტიურდა სეზონური ინფექციებიც. ესენია- ნაწლავთა ბაქტერიული ინფექციები, ენტეროვირუსები, ასევე არის ქალაქგარეთ აქტივობებთან დაკავშირებული ზოონოზური დაავადებები, ეს არის ტკიპები, ბორელიოზი, ყირიმ-კონგოს ცხელება, რიკეციოზები და ა.შ.

ყურადღებით უნდა ვიყოთ. ყირიმ-კონგოს შემთხვევები ქვეყანაში უკვე დაფიქსირდა. ის მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ინფექციას და თუ დროული მკურნალობა არ ჩატარდა, რა თქმა უნდა, პროგნოზულად ძალიან რთულია.

განსაკუთრებით უნდა გაფრთხილდნენ ახალციხეში და კასპში. თუმცა, ის ყველგან შეიძლება იყოს. ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ტკიპის ნაკბენით ვრცელდება და საკმაოდ მძიმეა. ერთადერთი პრევენცია არის სხეულის დაცვა, ის დაფარული უნდა იყოს ბამბის ქსოვილით. ეს დაავადება ჯერ ცხოველს ემართება, შემდეგ ცხოველს უკბენს ტკიპა, რომელმაც შესაძლოა ადამიანსაც უკბინოს, სწორედ აქედან ვრცელდება და სასწრაფოდ სადიაგნოსტიკოა. ამ დაავადებას მაღალი ცხელება ახასიათებს, თუკი ასე არ იქნება, უკვე საშიში არ არის,"- აღნიშნავს მარინა ენდელაძე. 

მეორე ინფექცია, რომელიც ასევე ტკიპის ნაკბენისგან ვრცელდება, არის ლაიმის დაავადება.

რა პრევენციული ზომები უნდა მივიღოთ ინფექციის თავიდან ასაცილებლად? მარინა ენდელაძის თქმით, საქართველოში ყირიმ-კონგოს მსგავსად, ლაიმის დაავადებაც დაფიქსირდა. 

"ტკიპის ნაკბენისგან ვრცელდება ლაიმის დაავადება, რომელიც ასევე საკმაოდ მძიმეა. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, თუ რამდენ ხანს იქნება ტკიპა ადამიანის ორგანიზმზე. ყველაზე კრიტიკული არის 36 საათი. თუკი მალევე აღმოაჩენთ ნაკბენს, ტკიპის ამოღება და ადგილობრივად დამუშავება შველის. 

მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ყველა ტკიპის ნაკბენი არ არის "ლაიმის დაავადება" და არც ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, რადგან ყველა ტკიპა დაინფიცირებული არ არის,"- აღნიშნავს მარინა ენდელაძე. 

 

 

 

 

დღის ამბები