20 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
დაკავებულია კუდის ყოფილი თანამშრომელი - 37 წლის მამაკაცი 6 თვის განმავლობაში მოქალაქეს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

დაკავებულია კუდის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც 6 თვის განმავლობაში მოქალაქეს ფიზიკური ძალადობის მუქარით მოწყალების თხოვნას აიძულებდა. ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 37 წლის გელა ჩალაძე მოქალაქეს სისტემატურად უწევდა შრომით ექსპლუატაციას, თბილისის სხვადასხვა ქუჩაში აიძულებდა მოწყალება ეთხოვა, შეგროვილ თანხას კი სძალავდა.

გამოძიების მასალებში დევს საკმაოდ მძიმე შინაარსის სატელეფონო ჩანაწერები, სადაც ისმის, თუ როგორ ემუქრებოდა ყოფილი ძალოვანი მოქალაქეს და აიძულებდა მისთვის სხვადასხვა ოდენობის თანხა ჩაერიცხა. 

გელა ჩალაძე კუდის ყოფილი თანამშრომელია, რომელმაც უწყება 2006 წელს დატოვა, ის ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ ადამიანით ვაჭრობის რამდენიმე ეპიზოდის ამსახველი ჩანაწერები გაავრცელა. ერთ-ერთ მათგანში ბრალდებული ფულს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ითხოვს.

ბრალი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დაკავებულს ადგილზე გააცნეს, მოგვიანებით ტრეფიკინგის საქმეზე განცხადება პროკურატურამაც გაავრცელა. ირკვევა, რომ გიორგი ჩალაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეუფარდეს. ის ოფიციალურად დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვისას წარდგენილი ბრალი აღიარა.

"კურიერმა" გაარკვია, რომ ბრალდებული და დაზარალებული ერთმანეთს 7 წელია იცნობენ. მათ საერთო მცირე ბიზნესიც ჰქონდათ, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა. გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ გელა ჩალაძემ ადამიანით ვაჭრობის გეგმა ამის შემდეგ შეიმუშავა და დიდი ხნის ნაცნობს ქუჩაში ფულის მოგროვებას 6 თვის განმავლობაში, ყოველდღიურად აიძულებდა. ბრალდებულის მეზობლებმა დანაშაულის შესახებ არაფერი იცოდნენ.

დაკავებულ გელა ჩალაძეს ბრალი მუქარით და ძალადობით, ტრეფიკინგის მუხლით წარედგინა, რაც განსკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია და 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

ავტორი: ხათუნა გაგნიძე

დღის ამბები