20 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
ორშაბათიდან მასობრივი ვაქცინაცია იწყება - ჩინური ვაქცინის მილიონი დოზა უკვე თბილისშია

ორშაბათიდან მასობრივი ვაქცინაცია იწყება - მილიონი დოზა ჩინური ვაქცინა უკვე თბილისშია. საუბარია Sinopharm-სა და Sinovac-ზე. ივლისის განმავლობაში ქვეყანა კიდევ მილიონ ამპულა Pfizer-ს ელოდება. მთავრობის გათვლებით, წლის ბოლომდე მიზანი შესრულდება და ზრდასრული მოსახლეობის 60 პროცენტი აიცრება, მაშინ, როდესაც დღევანდელი მონაცემებით, ოთხი თვის შედეგი მხოლოდ 3.6 პროცენტია. ვაქცინები საქართველოს რეგიონებში უკვე ორშაბათს დილით უნდა იყოს.

პრემიერის ინფორმაციით, ერთ თვეში ქვეყანა დამატებით ჩინური პრეპარატის მილიონ დოზას მიიღებს. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მას კომუნიკაცია ჰქონდა Pfizer-ის პრეზიდენტთანაც, კომპანია ივლისიდან ვაქცინის მილიონი დოზის მოწოდებას ეტაპობრივად დაიწყებს.

პრემიერის განცხადების შემდეგ მედიასთან განმარტებები გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იმუნიზაციის პროცესი როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში აქტიურად წარიმართება.

ვაქცინაციის პროცესში ჩართვის მსურველებს უკვე ხვალიდან შეეძლებათ რეგისტრაცია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ პირველ ეტაპზე ვაქცინაცია დაიწყება Sinopharm-ის დოზებით. ჯავშნის გასაკეთებლად მოქალაქეებს დრო 2 კვირა ექნებათ, ამის შემდეგ კი რეგისტრაციის პროცესი საჭიროების მიხედვით გაგრძელდება.

დღის ამბები