პანდემიით გამოწვეული დანაკლისი ჯაზის მსმენელს აუნაზღაურდება - ზაფხულში ერთის ნაცვლად ორი ფესტივალი ჩატარდება. პირველს, რომელიც სტარტს 6 ივლისს იღებს - თბილისი, მეორეს კი აგვისტოში ბათუმი უმასპინძლებს.
ტრადიცია უცვლელია - საქართველოში ჯაზის ცნობილი შემსრულებლები ჩამოვლენ. საინტერესო სიახლეა წესები, რომლებიც ფესტივალზე იმოქმედებს - მსმენელი უნდა მივიდეს აცრის დოკუმენტით ან წინა დღით გაკეთებული PCR ტესტის პასუხით. თუ არც ერთი ექნება, მას კოვიდტესტს ადგილზეც გაუკეთებენ.
ასევე, სიახლეა ის, რომ ჯაზფესტივალს წელს პირველად მასპინძლობს ეროვნული მუზეუმი - სტუმრებს, მუსიკით სიამოვნების გარდა, შეუძლიათ ქვეყნის საგანძურიც დაათვალიერონ.