ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოში" კვლავ კრიზისია. ფინანსური პრობლემების გამო კლუბი შესაძლოა დაიშალოს. ფეხბურთელებმა 4 ივლისს ეროვნული ლიგის ოცდამეერთე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, რის გამოც "ტორპედო" მოედანზე მოზარდთა ნაკრებით გავა.
ფინანსური პრობლემების გამო "ტორპედო" ლეგიონერმა სამუელ ინკუმმა უკვე ოფიციალურად დატოვა.
კლუბში ახლადდაბრუნებული მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის თქმით, მათ არ აქვთ ინფორმაცია, როდის შეიძლება მოგვარდეს კლუბში არსებული პრობლემები.
"ტორპედოში" ფინანსური კრიზისი პერიოდულად ჩნდება ხოლმე. ბოლოს გუნდი იტალიელმა ინვესტორმა შეიძინა, თუმცა მან გაურკვეველი მიზეზებით კლუბი მალევე დატოვა და "ტორპედო" კვლავ დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.