საბერძნეთში გარდაცვლილი მანანა ხეთაგურის ოჯახი კვლავ მოითხოვს, რომ ცხედარის კრემაცია არ მოხდეს. ამ წუთებში გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. პარალელურად მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები იკვეთება.
გაირკვა, რომ შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილის პირადი ნივთები, გამოძიების დაწყებამდე გაიტანეს.
"სასტუმროს მეპატრონეს ოთახი დაუცლია და ამბობს, რომ ყველა ნივთი გადაყრილია. არ ვიცი საბერძნეთის კანონები როგორია, არ ვიცი რატომ მოხდა ასე სასტუმროს ოთახის გასუფთავება. დღეს ტარდება ექსპერტიზა, რომლის პასუხიც ორშაბათს მეცოდინება. ასევე გავიგე გადმოსვენება ზუსტად მოხერხდება, თუ არა, საელჩო გვეუბნება, რომ ყველა ხარჯი დაფარული იქნებაო, მადლობის მეტი მათი მისამართით არაფერი მეთქმის,"- აცხადებს გარდაცვლილის შვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქე ქალი ათენში გარდაიცვალა. მისი ახლობლების ინფორმაციით ოჯახი რომელშიც ის მუშაობდა მის გადმოსვენებაზე უარს აცხადებს და განმარტავენ, რომ ცხედრის კრემაცია უნდა მოხდეს. ქალის ოჯახი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, კრემაციას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და სახელმწიფოს გადმოსვენებაში დახმარებას სთხოვს.
ავტორი: ხათუნა გაგნიძე.