შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიის ერთობლივი ორგანიზებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გორანას ტყეში ფართომასშტაბიანი სახანძრო-სამაშველო სწავლება გაიმართა.
სწავლებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თეიმურაზ მღებრიშვილი და ეროვნული გვარდიის სარდალი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე დაესწრნენ. სწავლებაზე მიწვეულ სტუმრებს შორის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე სხვა მაღალი რანგის პირები დაესწრნენ.
საველე წვრთნის მიზანს საგანგებო სიტუაციების დროს მხარეებს შორის კოორდინირებული მუშაობისას არსებული ძლიერი მხარეების და გამოწვევების დეტალური ანალიზი წარმოადგენდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ეროვნული გვარდიის თანამშრომლებს, წინასწარ მომზადებული სცენარის მიხედვით, ტყის ხანძართან დაკავშირებულ ყველა პრობლემასთან მოუწიათ გამკლავება. ლეგენდის მიხედვით, მასშტაბური ტყის ხანძრები საქართველოს რამდენიმე რეგიონში ერთდროულად იყო გავრცელებული, რის გამოც, გვიან ღამით, სოფელ გორანას სიახლოვეს გაჩენილი კიდევ ერთი ხანძრის ჩასაქრობად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ეროვნული გვარდიის დახმარება ითხოვა. სცენარის მიხედვით ძლიერი ქარის გათვალისწინებით, არსებობდა ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხეც და საჭირო იყო ოპერატიული რეაგირება.
წვრთნაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც დაშავებულთა ევაკუაციისა და ტყის ხანძრის ქრობის ამოცანები შეასრულა.
სწავლებაში სულ 180-მდე მეხანძრე-მაშველი და 150-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. პირადი შემადგენლობის გარდა პროცესში ჩართული იყო ორივე სამსახურის სპეციალური ტექნიკა.
სწავლების დროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირდაპირი მოვალეობა რამდენიმე კერაზე ხანძრის ქრობა, ხოლო ეროვნული გვარდიის ფუნქცია ხანძრის შესაკავებლად სპეციალური ზოლის გაჭრა, საევაკუაციო ღონისძიებები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა და სხვა დამხმარე ღონისძიებების ჩატარება იყო. ხანძრის ქრობის სამუშაოების მონიტორინგი სპეციალური საველე შტაბიდან ხორციელდებოდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორების მიერ, საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, მოხდება ეროვნული გვარდიის თანამშრომელთა და რეზერვისტთა მომზადება, რათა საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს საგანგებო სიტუაციების დროს ერთობლივი ძალების მობილიზება.
სწავლება ორ უწყებას შორის ხელმოწერილი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული მემორანდუმი სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის კუთხით ერთობლივ ღონისძიებებს გულისხმობს, რაც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით არის გათვალიწინებული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და ეროვნულ გვარდიას შორის სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის კუთხით სხვადასხვა სახის ღონისძიებების გამართვა მომავალშიც იგეგმება.