"თანასწორობის მოძრაობა" საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება. მათი ინფორმაციით, საპატრიარქო ირიბად მოუწოდებს მოქალაქეებს "სოლიდარობის მარშში" მონაწილეთა წინააღმდეგ მობილიზებისკენ. "თანასწორობის მოძრაობა" შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაიცვას შეკრებაში მონაწილე თითოეული ადამიანის უსაფრთხოება.
"ინსტიტუცია, რომელიც სიყვარულს და სიკეთეს უნდა ქადაგებდეს, ადამიანებს მოუწოდებს ძალადობასა და სხვების უფლებების შეზღუდვისკენ. არის საკითხები, რომელზეც გვაქვს კრიტიკული მოსაზრებები და ამას სამუშაო შეხვედრაზე განვიხილავთ. თავს, მთლიანობაში, ვთვლით დაცულად, უსაფრთხოდ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, კვირეულის დასრულების შემდეგ, ჩვენ იმავეს თქმა შეგვეძლება,"- ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი.
"არ შეიძლება ისინი ამ სიტუაციაში იდგნენ ადამიანების ჩაგვრის, ჩაწიხვლის და შევიწროების მხარეს. ეს არის წინასწარ დაგეგმილი ვითომ მშვიდობიანი ღონისძიება, რომელსაც საპატრიარქო გეგმავს, რომ სახელმწიფოს აჩვენოს თავის ძალა და ასევე, წარმოჩნდნენ, როგორც მორალური ძალის მქონე ინსტიტუცია ამ ქვეყანაში,"- აცხადებს ლგბტ ადამიანების და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება "თბილისის პრაიდის" წევრი გიორგი თაბაგარი.
"საპატრიარქოს, ისევე, როგორც სხვა ჯგუფებს, აქვთ უფლება, საკუთარი პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანად. თუ მაინცდამაინც 5 ივლისს გადაწყვიტეს იმ ადგილას აქციის ჩატარება, არ მგონია, საცემრად მოდიოდნენ ვინმესი, ან ვინმეს ზიზღისთვის, მოდიან სიყვარულით და გაშლილი ხელით, იქაც ზუსტად ისეთივე ადამიანები დახვდებიან,"- ამბობს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.