ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტი გრიგოლი თბილისი პრაიდის კვირეულის ჩატარებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ პასუხი მოსთხოვოს იმ პირებს, რომლებიც კანონს დაარღვევენ.
მისივე შეფასებით, მსგავს საკითხებში ეკლესია არ უნდა ერეოდეს.
"საერთოდ პასუხისმგებლები არიან ადამიანები იმაზე, რასაც სჩადიან და სახელმწიფო იმისთვის არის, რომ პასუხი მოსთხოვოს ადამიანებს, ვინც კანონს ფარგლებს გადავა. მე გეტყვით იმავეს, რაც მითქვამს - ეკლესია სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციას თავის თავზე ვერ აიღებს. სამწუხაროდ, მოხდა ისე, არ ვიცი ეს შემთხვევით თუ განგებ, რომ ეკლესია აღმოჩნდა სწორედ ამ მოცემულობაში, როდესაც ის ფუნქცია, რაც უნდა სახელმწიფომ განახორციელოს, ანუ, კანონის მიხედვით რაც არის ნებადართული გააკონტროლოს, რატომღაც ეკლესიის გადასაწყვეტი გახდა, სინამდვილეში კი ეკლესია არ არის ამ ფუნქციით დატვირთული. ეკლესიის მისიაა დაამოწმოს ქრისტე მაცხოვრის მსხვერპლშეწირვითი ღვაწლი და მომავალი სასუფევლის შესახებ უქადაგოს ადამიანებს, მისცეს მაგალითი სიტყვით, საქმით. ჩვენს ხელში ყველაზე ძლიერი იარაღი არის სიტყვა,"-განაცხადა მიტროპოლიტმა.
კითხვაზე, უნდა მიეცეთ თუ არა ადამიანებს მსგავსი კვირეულის ჩატარების შესაძლებლობა, მიტროპოლიტი ამბობს, რომ ასეთი ამბები არა ეკლესიამ ან ინდივიდუალურად რომელიმე ადამიანმა, არამედ სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს.
"აი, სწორედ საქმეც ეს არის, ეს ჩვენი დღევანდელი პრობლემა არ არის. ეს სახელმწიფოს გადასაწყვეტია. მე ერთი კაცი გეტყვით, რომ არ მომწონს, მაგრამ ჩემი არ მოწონება არაფერს ნიშნავს. ვიღაცას მე არ მოვწონვარ და ახლა რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ?!,"-განაცხადა ეპისკოპოსმა.