იმის მიუხედავად, რომ "თბილისი პრაიდმა" ღირსების მარში გააუქმა, საპატრიარქო მაინც მოუწოდებს საზოგადოებას, ქაშუეთთან შეიკრიბონ.
"როგორც მოგეხსენებათ, "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებმა დღეს დაგეგმილი აქცია გადადეს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დღეს, 17 საათზე, ქაშუეთის ტაძარში ტარდება სამშვიდობო პარაკლისი. შესაბამისად, კვლავ მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით მათ, ვინც დედაქალაქის სხვადასხვა ადგილას აპროტესტებს პრაიდის ორგანიზებას, შეიკრიბოს ქაშუეთის ტაძართან, თავი შეიკავოს ყოველგვარი აგრესიული, ძალადობრივი ქმედებისაგან და მშვიდობიან ვითარებაში დაესწროს ლოცვას," - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ღირსების მარშის მოწინააღმდეგეები დღეს დილიდან თბილისის ქუჩებში სხვადასხვაგვარ ძალადობრივ ქმედებას ახორციელებენ - სცემეს ჟურნალისტები, დააზიანეს აპარატურა, დაარბიეს "სირცხვილიასა" და "თბილისი პრაიდის" ოფისები.