საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე რუსთაველის გამზირზე, რადიკალური ჯგუფების მიერ დღეს გამოვლენილ ძალადობასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას საქართველო პრემიერ და შს მინისტრს აკისრებს. ნიკო სიმონიშვილმა "დღის კურიერში" საპატრიარქოს პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აგრესიას სასულიერო პირები ახალისებდნენ.
"პასუხისმგებლობა არის მთლიანად ხელისუფლებაზე და უპირველეს ყოვლისა, ორ ადამიანზე - პრემიერზე და შს მინისტრზე. პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც, ფაქტობრივად, წაახალისა ეს ყველაფერი და მოუწოდა იქ შეკრებილ ადამიანებს, რომ ეძალადათ და პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა ღარიბაშვილმა. ეს იყო ძალიან მძიმე და სამარცხვინო განცხადება, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რამაც დღეს განვითარებულ მოვლენებს მისცა მსვლელობა, რადგან პოლიციამ არაეფექტურად კი არა, საერთოდ არაფერი გაუკეთებია, პოლიციის მობილიზება საერთოდ არ ყოფილა, ძალიან მცირე რაოდენობის პოლიცია იყო, ვნახეთ, რომ არ რეაგირებდა პრევენციულად იმ ყველაფერზე, რაც, მათ შორის, თქვენ კოლეგებზე იყო ჩადენილი. დააზიანეს ტექნიკა, ჟურნალისტებს დაესხნენ თავს და ჯანმრთელობა დაუზიანეს, არაფერი გაუკეთებია პოლიციას და პასუხისმგებლობა მინისტრმა უნდა აიღოს.
ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ასევე, საპატრიარქოზე, რომელიც ერთის მხრივ, ამბობდა, რომ არ მიესალმებოდნენ ძალადობას, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ სასულიერო პირების წახალისებით და მონაწილეობით მიმდინარეობდა ძალადობა,"- აღნიშნა "დღის კურიერში" საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა.