პირველი იერიში რადიკალურად განწყობილმა ჯგუფმა პარლამენტის უკან მდებარე მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისზე მიიტანა. შენობას ბოთლები, კვერცხები და ქვები დაუშინეს, ჩაამსხვრიეს მინები. რამდენიმე ადამიანი შენობაში შეიჭრა.
პრაიდის მოწინააღმდეგეთა მეორე სამიზნე ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ლგბტქ ორგანიზაციის ოფისი გახდა. ფანჯრებზე დამონტაჟებული გისოსებისა და აივნის მოაჯირების დახმარებით, ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ოფისში შეიჭრა. წინააღმდეგობა მათ ადგილზე მყოფმა ათამდე სამართალდამცველმა ვერ გაუწია.
განადგურებულია ორგანიზაციის დროშები, ბანერები და სხვა ინვენტარი - ნივთები ფანჯრიდან გადმოყარეს, რის შემდეგაც დაწვეს.
ჰომოფობიური შეძახილებით რადიკალურად განწყობილი მოქალაქეების ჯგუფი მრგვალი ბაღის მიმართულებით დაიძრა. გაეროს წარმომადგენლობას კვერცხები და ბოთლები დაუშინეს. შენობაში შეღწევის მცდელობა არ ყოფილა, ვინაიდან შესასვლელთან რამდენიმე ათეული პოლიციელი იყო განლაგებული.
ძალოვანმა უწყებამ დღეს განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს ძალადობას და მოუწოდებს ყველა მხარეს, პროტესტი კანონიერ ფარგლებში გამოხატონ. პარალელურად, უწყებამ გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო.
არასამთავრობო ორგანიზაციების, მოძრაობების და საერთაშორისო ორგანიზაციების ოფისებზე თავდასხმის გარდა, აგრესიის სამიზნე დღეს არაერთი რიგითი მოქალაქე გახდა. მათ მხოლოდ იმის გამო სცემეს, რომ ფერადი ტანსაცმელი ეცვათ, ან სხვადასხვა აქსესუარი ეკეთათ.
ავტორი : ავთო გვასალია