20 ნოემბერი 2024,   00:50
ვრცლად
"პოლიციამ მითხრა, ჩაჯექი მანქანაში და ფანჯარას აუწიეო" - "კურიერის" ჟურნალისტი ჰყვება, რომ რადიკალური ჯგუფები პოლიციის მანქანებსაც მისდევდნენ

16 მედიასაშუალების 53 თანამშრომელი დღეს ძალადობრივ აქციაზე, მიზანმიმართული ძალადობის მსხვერპლნი გახდა. მათ შორის არიან "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტები და ოპერატორები. 

ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლი იყო თამარ თათარაშვილიც, რომელმაც "ღამის კურიერის" ეთერში, დღევანდელი დღის ამბები ეპიზოდურად აღწერა. მისი თქმით, აგრესიული ჯგუფები პოლიციის მანქანებსაც კი მისდევდნენ, რომელშიც ჟურნალისტები ისხდნენ. 

"პირველად შემეშინდა, გვაგინებდნენ და გვირტყამდნენ" - თამარ თათარაშვილი სწორედ ის ჟურნალისტია, რომელზეც ძალადობრივი დაჯგუფებიდან ერთ-ერთი პირი, ცდილობდა მასზე მოპედით გადაევლო, ის ოპერატორმა გადაარჩინა.  

"დავინახე ადამიანი, რომელიც მოპედით მოძრაობდა და განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. ის ოპერატორებსა და ჟურნალისტებს მიზანმიმართულად ეჯახებოდა, ერთ-ერთი მათგანი ვიყავი მე. ამ პირის იდენტიფიცირება ძალიან მარტივია, ვინაიდან კადრებში ნათლად ჩანს, თუ ვინ არის. ოპერატორი რომ არ ყოფილიყო, ალბათ ის მოპედით გადამივლიდა. მხოლოდ იმიტომ, რომ ამბებს ვყვებოდით, გვაგინებდნენ, გვცემდნენ და გვირტყამდნენ. პირველად შემეშინდა დღეს გადაღებაზე, რადგანაც როდესაც პოლიციამ სიტუაციას გამარიდა, ეს ადამიანები მოგვდევდნენ, პოლიციამ მითხრა, ჩაჯექი მანქანაში და ფანჯარას აუწიეო

მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის მანქანაში ვიჯექი, ძალიან მეშინოდა,"- აცხადებს "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი თამარ თათარაშვილი. 

დღის ამბები