პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გრძელდება. დეპუტატები დღეს კიდევ 2 კანდიდატს მოუსმენენ. გასაუბრების პროცესი, ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, გუშინ მაინც დაიწყო.
უმრავლესობაში ამტკიცებენ, რომ მათი ოპონენტების დამოკიდებულება მოსამართლეთა დანიშვნის მიმართ გაუგებარია და ის რეალურად დამაზიანებელია.
"პირნათელი ვართ ამ დოკუმენტთან, ვასრულებთ კეთილსინდისიერად იმ პირობებს, რაც იქ წერია. ის, რომ ეს ახალი პირობაა, რაზეც ახლა საუბრობენ, რომ უნდა შეჩერდეს, ეს არის ახალი პირობა. ამიტომ, ამისი უფლება მათ არ აქვთ, ვინაიდან, ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტის მიღმა და ის, რომ არ მონაწილეობენ, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ისინი არღვევენ შარლ მიშელის დოკუმენტს, ისინი, ვინც ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს და არ იღებს პროცესში მონაწილეობას,“ - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი.
საკუთარ პოზიციას არ ცვლიან ხელისუფლების ოპონენტები. ისინი ამტკიცებენ, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ფარსია და მასში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.
"ხდება იგნორირება იმ დოკუმენტისა, რომელიც ასე წვალებით იქნა მიღებული პირდაპირ მათი მონაწილეობით. ამბობენ ღიად, რომ შეთანხმება ირღვევა. ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს "ქართულ ოცნებას" და ამას ძალიან მალე შეახსენებს როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ისე ჩვენი ამომრჩევლები,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი, რომან გოცირიძე.