შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, 5 ივლისის მოვლენებს პოლონელი ტურისტის დაჭრასთან კავშირი არ აქვს.
კრიმინალურ ფაქტზე დაკავებულია 31 წლის გიორგი ხმალაძე, რომელსაც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.
ბრალდებულის ოჯახი ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობს და იძულებით მკურნალობას ითხოვს - სამედიცინო დასკვნისთვის ექსპერტებს სავარაუდოდ ერთი თვე დასჭირდებათ.
ტურისტი ხუთი ივლისის ცნობილი მოვლენების პარალელურად დაჭრეს, მაშინ თვითმხილველები ამბობდნენ, რომ მამაკაცს თავს საყურის გამო დაესხნენ.
დაჭრილი პოლონეთის მოქალაქე კლინიკაში ეკონომიკის მინისტრმა მოინახულა. სამთავრობო გუნდის წევრები იმედოვნებენ, რომ ტურისტზე მომხდარი თავდასხმის ფაქტი ქვეყნის იმიჯს და ტურისტულ გარემოს არ დააზიანებს.
პოლონეთის მოქალაქის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 აგვიტოს დაიწყება.
ავტორი: ხათუნა გაგნიძე