საქალაქო სასამართლოში იმ პირთა პროცესი უნდა დაიწყოს, რომლებიც მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმისთვის არიან ბრალდებულები. საუბარია "რუსთავი 2"-ის, "ტაბულასა" და "ნიუპოსტის" ჟურნალისტებზე ძალადობაში მონაწილე პირებზე, მათ შორის მამაკაცზე, რომელიც "კურიერის" ჟურნალისტს თამარ თათარაშვილს მოპედით განზრახ დაეჯახა.
სასამართლომ მურად დევლარიშვილისთვის, ზაზა მჭედილიძესთვის და ზაზა ჭაავასთვის აღკვეთის ღონისძიების შესახებ უნდა იმსჯელოს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, არსებული ინფორმაციით, ისინი ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვენ.
"მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია 12 პირი, თუმცა კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ერთი პირი. და ასევე, კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმეა, რომელიც შეეხება 2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენებს და იმ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული არის საი პირი," - ამბობს პროკურორი, თამარ იაკობიძე.
პარალელურად, გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ანი ფაციამ. 5 ივლისს მასსა და მის ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ილია თვალიაშვილს დაზიანება თვალებზე აქვს მიყენებული და ის ამ დროისთვის მკურნალობას ბინაზე გადის.
"ჰქონდათ კითხვები კონკრეტულად რა ფიზიკური დაზიანებები მივიღეთ, რას ჰქონდა ადგილი აქციის და დაპირისპირებების დროს. მე ყველაფერი რაც მქონდა ხელთ ინფორმაცია, ყველაფერი მოვუყევი გამომძიებლებს. ასევე, ვუთხარი, რომ შემიძლია სამი პიროვნების ამოცნობა," - აცხადებს ანი ფაცია.
5 ივლისს მასობრივი თავდასხმებისა და ოფისების დარბევის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ 8 პირი დააკავა. მათ შრის ხუთი ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 3 კი "თბილისი პრაიდი"-ს ოფისის დაზიანების ფაქტზე.
დაკავებულების ასაკი 24-დან 35 წლამდეა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით დანაშაულში მონაწილე სხვა მოძალადე პირთა დადგენის და დაკავების მიზნით საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები გრძელდება. ამ დრომდე დაკავებულია სულ 15 პირი.