ახალციხის კლინიკა "იმედიდან" მედიკოსები გაათავისუფლეს - ისინი ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის საქმეში ფიგურირებენ. ექიმი რეანიმატოლოგის და მედდას გათავისუფლებამდე, ვიოლეტა ინასარიძესა და გიორგი აფციაურთან შეკითხვები ჰქონდა გამოძიებასაც.
პირველ განმარტებებს კლინიკა "იმედშიც" აკეთებენ, სადაც ამბობენ, რომ გიორგი აფციაური და ვიოლეტა ინასარიცე შინაგანაწესის დარღვევის გამო გაათავისუფლეს, თუმცა კონკრეტულად რა სახის დარღვევები გამოვლინდა - ამაზე არ საუბრობენ. მხოლოდ განმარტავენ, რომ მათ არა ერთხელ ჰქონდათ საყვედური დაწერილი და შესაბამისად სწორედ ეს ყველაფერი გახდა იმის მიზეზი, რომ გიორგი აფციაური და ვიოლეტა ინასარიძე სამსახურიდან გათავისუფლებულიყვნენ.
"აღნიშნულმა ექიმებმა დაარღვიეს საავადმყოფოში მოქმედი შინაგანაწესი, რის გამოც ისინი გათავისუფლებული იქნენ სამსახურიდან, შეწყვეტილი იქნა მათთან შრომითი ურთიერთობა," - აცხადებს კლინიკა "იმედის" მენეჯერი გია ბარამიძე.
გარდა ამისა კლინიკაში ამბობენ, რომ დეტალური ინფორმაცია მათ უფლებადამცველებს მიეწოდათ და ამ ფაქტებთან დაკავშირებით ადვოკატები უფრო ვრცლად და დეტალურად ისაუბრებენ.
"კურიერი" გათავისუფლებულ ექიმებს დაუკავშირდა, თუმცა გიორგი აფციაურმა ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა.
თავად ვიოლეტა ინასარიძე კი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ასევე ამბობს, რომ არც ერთი ექიმი დამნაშავე არ არის. რაც შეეხება მისი ინტერესების დამცველს, ადვოკატი ამბობს, რომ გამოთხოვილი აქვთ ინფორმაცია გათავისუფლებასთან დაკავშირებით კლინიკიდან და ისინი ამ ინფორმაციას სწავლობენ.
"მითხრეს, რომ უნდა წახვიდეო და წავედი, საბუთები და ყველაფერი ადვოკატს გაუგზავნეს და არ ვიცი, სისულელეები ყველაფერი. რა თქმა უნდა, მეგი ბაქრაძის საქმეს ვუკავშირებ ჩემს გათავისუფლებას, ალბათ რაღაც ხდება, არ ვიცი რა. სიმართლე, რომ დაიდოს ყველაფერი გაირკვევა, მაგრამ დაიდება, თუ არა არ ვიცი. საერთოდ უდანაშაულო ვარ და არა მგონია ვინმე იყოს დამნაშავე, ექიმები ნამდვილად არ არიან ეგ ვიცი," - განაცხადა ვიოლეტა ინასარიძემ.
მეგი ბაქრაძის ოჯახი კი მოითხოვს ყველა იმ პირის უმკაცრესად დასჯას, ვინც 27 წლის ექთნის გარდაცვალებაში არის დამნაშავე. როგორც ადვოკატი ამბობს, კლინიკიდან გათავისუფლება არ არის საკმარისი, რადგან გამოძიებამ ყველა კითხვას უნდა გასცეს პასუხი, მათ შორის თუ რამ გამოიწვია მეგი ბაქრაძის გარდაცვალება.
"ის საფუძვლები, რომლებიც ახლა არსებობს ამ პირების გათავისუფლებისთვის უკვე არსებობს 2 თვის განმავლობაში და მათი გათავისუფლება გარკვეულწილად პასუხობს ჩვენს მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, თუ რომ გამოძიება ჩატარდეს ეფექტურად, თუმცა არანაირად არ ამოწურავს ჩვენს მოთხოვნას, მით უმეტეს არანაირად არ პასუხობს მთავარ მოთხოვნას, რომ რეალურად დადგინდეს რა მოხდა, რის გამო გარდაიცვალა მეგი ბაქრაძე. ამ პირების მიერ მოხდა სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტი, შესაბამისად პროკურატურამ ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს," - განაცხადა ადვოკატმა ვახტანგ ბარამაშვილმა.