მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე მოსახლეობას ვაქცინაციაში ჩართვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ბევრი ადამიანი Pfizer-ის მოლოდინში აცრისგან თავს იკავებს, თუმცა ის დროის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მოქალაქეები უნდა აიცრან იმ ვაქცინით, რომელიც ახლა ქვეყანაშია.
"კონკრეტული თარიღი ცნობილი არ არის, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ pfizer დღეს და ხვალ ქვეყანაში ნამდვილად არ შემოვა. არც ერთ სტრუქტურას არ უთქვამს, რომ Pfizer უახლოეს დღეებში შემოდის. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაქვს დაყოვნების დრო. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი ელოდება Pfizer-ის ვაქცინას. ეს ვაქცინა რომ შემოვიდეს თუნდაც ივლისის ბოლოს, ეს არის 2-3 კვირა დაკარგული ვაქცინაციისთვის. ამიტომ, გავიმეორებ იმას, რასაც ჯანმო ხშირად ამბობს. როდესაც კითხვა ისმება, რომელი ვაქცინა გავიკეთო? უნდა გაიკეთოთ ის ვაქცინა, რომელიც ამ მომენტში არის ქვეყანაში. ჩვენ დღეს ქვეყანაში ორი სხვადასხვა ტიპის ვაქცინა გვაქვს. Pfizer-ის ლოდინზე ბევრად უფრო უკეთესი, პრიორიტეტული და დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე გადაუდებელი აუცილებლობა, სწორედ ვაქცინაციაა მოზრდილი მოსახლეობის. ამიტომ, გავიკეთოთ ეს ვაქცინა. Pfizer აუცილებლად შემოვა ქვეყანაში, მაგრამ მანამდე რამდენიმე კვირა ნამდვილად არის დრო და არ შეიძლება ამ კვირების დაკარგვა," - აცხადებს ივანე ჩხაიძე.