საქართველოში ცნობილი ავიაკომპანია Eurowings შემოვიდა. ამის შესახებ განცხადება "დღის კურიერის" ეთერში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, უკვე შესრულდა პირველი რეისი დიუსელდორფი-თბილისის მიმართულებით და თვითმფრინავი ტურისტებით იყო დატვირთული.
"ორი კარგი სიახლეა, პირველი ყველაზე ღირებული არის ის, რომ პანდემიის მიუხედავად და სწორი მენეჯმენტის შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში შემოვიდა ახალი, საკმაოდ ცნობილი ავიაკომპანია Eurowings. პირველი მიმართულება, რაც გაიხსნა, დიუსელდორფი-თბილისის მიმართულებაა. ჩვენ გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკებები იმისთვის, რომ მათ შორის ქუთაისში ვიხილოთ Eurowings. აქვე ვიტყოდი, როდესაც პირველი რეისი ჩამოფრინდა რამდენიმე დღის წინ, სავსე იყო ტურისტებით.
გარდა ამისა, WizzAir, რომელიც უფრო დაბალბიუჯეტიანი ფრენების შესაძლებლობას გვაძლევს, გვახსოვს, რამდენად მტკივნეული იყო თითოეული ჩვენგანისთვის კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე ბაზის გასვლა ქუთაისის აეროპორტიდან და დიახ, სწორი მენეჯმენტით, მოვახერხეთ ის, რომ პანდემიის მიუხედავად, WizzAir-თან სწორი კომუნიკაციით და იმ მაღალი ხარისხის თანამშრომლობით, რომელიც ჩვენ გვაქვს, WizzAir-ის ბაზა პანდემიის მიუხედავად, რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში,“ - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.