ბავშვებში "დელტა" შტამი კლინიკურად უფრო მძიმედ მიმდინარეობს - ე.წ. ინდური შტამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა. როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ბავშვებში გადადების მთავარი წყარო მშობლები არიან, ამიტომ მისი რეკომენდაციაა, რომ მშობლები ორჯერადად აიცრან.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქება არ იგეგმება, თუ შემთხვევები ნახტომისებურად გაიზრდება შესაძლოა პირიქით შეზღუდვები გამკაცრდეს.
"პროგნოზი ასეთია, რომ სადღაც აგვისტოს შუაში, აგვისტოს ბოლოსკენ დელტა შტამი მთლიანად ჩაანაცვლებს ევროპაში დღეს მოცირკულირე ბრიტანულ შტამს. ჩვენთან გასულ კვირაში 25 დამატებითი შემთხვევა გვქონდა, დღეს გვაქვს 52.
ბავშვებში, მოგეხსენებათ, ეს დელტაც და ალფაც, ანუ ბრიტანულიც უფრო ადვილად ვრცელდება. ერთადერთია, რომ დელტა შედარებით კლინიკურად უფრო მძიმედ მიდის. დიახ, ბავშვებში გადადების მთავრი წყარო არის მშობლები, ამიტომაც, მთავარი რეკომენდაციაა, რომ ყველა მშობელი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, რომ ჩვენს შვილებს ინფექცია არ მივუტანოთ," - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
ავტორი: ავთო გვასალია