02 სექტემბერი 2026,   04:59
ვრცლად
რუსთავის სასამართლო კრიმინალური სამყაროს წევრობისთვის დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს - პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს

რუსთავის რაიონულ სასამართლოში კრიმინალური სამყაროს წევრობისთვის დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე მოსამართლე ამ წუთებში იწყებს მსჯელობას. ხმაურიანი სპეცოპერაციისას აყვანილ 25 პირს ქურდული სამყაროს წევრობას ედავებიან. არ არის გამორიცხული, ბრალი დამძიმდეს.

ამავე საქმეზე კიდევ 2 კრიმინალურ ავტორიტეტს ეძებენ. დაჯგუფების მიერ დაზარალებულია 100-ზე მეტი მოქალაქე.

ცნობილია, რომ დაკავებულები უკვე სასამართლოში იმყოფებიან. დღეს გაიმართება დაკავებული პირებიდან 10-ის პროცესი და როგორც ოთხის ადვოკატი ამბობს, ბრალს არც ერთი პირი არ აღიარებს.

კონკრეტულად რა შუამდგომლობით მიმართავს დაკავებულების ადვოკატი მოსამართლეს სავარაუდოდ მას მერე გაირკვევა, რაც სასამართლო პროცესი დასრულდება.

"რაც შეეხება გუშინ მედიასაშუალებებში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს, ვერაფერს ვერ დაგიდასტურებთ იქიდან გამომდინარე, რომ წარმოდგენილ აუდიოჩანაწერში ვერც ერთი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის არც ხმა, არც იდენტიფიცირება ჯერჯერობით შეუძლებელია. წარდგენილ ბრალდებაში არც ერთი არ ცნობს თავს დამნაშავედ.

პროკურატურა მიმართავს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია იქნება ის, რომ ბრალდებულებს იქიდან გამომდინარე, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ცნობენ დამნაშავედ, ისინი დატოვებული უნდა იყვნენ აღკვეთის ღონისძიების გარეშე ან და შესაძლოა, ალტერნატივის სახით დავაყენოთ გირაოს მოთხოვნა," - განაცხადა ადვოკატმა.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. როგორც საქმის პროკურორები ამბობენ, არსებობს არა ერთი მტკიცებულება, რაც საქმეში დაკავებულების ბრალეულობას ადასტურებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებიდან 18 პირი აღიარებს ქურდულ სამყაროს და აქტიურად მონაწილეობს ქურდული სამყაროს საქმიანობაში.

ბრალდებულები დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, ფსიქოლოგიური ზეწოლით, საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით ცდილობდნენ მიეღოთ ფინანსური სარგებელი და მოეპოვებინათ ძალაუფლება და გავლენა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებიდან 12 პირი ინფორმირებულები არიან ქურდული სამყაროს საქმიანობის შესახებ, კავშირი აქვთ ქურდული სამყაროს წევრებთან და ამ სამყაროსთან დაკავშირებულ სხვა პირებთან.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს," - განაცხადა პროკურორმა გვანცა გვიმრაძემ.

დღის ამბები