ცოტა ხნის წინ, საქართველოს პრეზიდენტი მივიდა გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სახლში. სალომე ზურაბიშვილი ლაშქარავას ოჯახის წევრებს შეხვდა.
"ძალიან მძიმე წუთებია, არც ვიცი, რა უნდა ვთქვა, არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა დედისთვის, რომელიც ამ დღეში არის.
მე საავადმყოფოში ვინახულე თავის დროზე და მართლა არ მეგონა, რომ დღეს აქ მოვიდოდი ამ ტრაგედიისა და მწუხარების გასაზიარებლად.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე არ უნდა დამთავრდეს, ვინც იყო ამაზე პასუხისმგებელი, უნდა დაისაჯოს. მე არ ვარ არც პოლიცია, არც გამოძიება, მაგრამ ვიცი, რომ ეს არის აუცილებელი.
მე მინდა, თქვენ, ჟურნალისტებს და არა მხოლოდ თქვენ, ეს მთელი საზოგადოების წუხილია დღეს და მთელ საზოგადოებას ვუზიარებ დღევანდელ ტრაგედიას," - განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, "ტელეკომპანია პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი დღეს დილით დედამ იპოვა. გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს რადიკალური ჯგუფების მიერ "სირცხვილიას" ოფისის დარბევისას ძალადობის მსხვერპლი გახდა. ის კლინიკიდან 8 ივლისს გაწერეს.