არდადეგებზე მასწავლებლები ბავშვებს, კლასგარეშე ლიტერატურის გარდა, ბევრ სამეცადინოს აძლევენ. ეს ასეც რომ არ იყოს, მშობლების ნაწილი დასვენების დღეებში შვილებს, საკუთარი ინიციატივითაც, საკმაოდ ბევრს ამეცადინებს.
სწორია თუ არა ეს, უნდა ვამეცადინოთ თუ არა ბავშვი ზაფხულის არდადეგებზე და მეცადინეობის რომელი ფორმაა უკეთესი - ამ კითხვებს პასუხი ფსიქოლოგმა მზიკო დალაქიშვილმა "სხვა შუადღეში" გასცა.
"მე ვფიქრობ, რომ რამდენი მშობელიც არსებობს, იმდენნაირი მიდგომა არსებობს მეცადინეობასთან დაკავშირებით. არსებობს მეცადინეობის სახე - თამაშით სწავლება, სადაც მეტად კეთდება ინტერესის გაღვივებაზე აქცენტი, ვიდრე თვითონ სწავლებაზე, ანუ მშობელი ცდილობს, რომ წახალისებით და სასიამოვნო პროცესით შეასწავლოს შვილს ესა თუ ის საგანი. მაგრამ, არსებობს, ასევე, სწავლება, სადაც აქცენტი კეთდება ასე - "ახლა უნდა დავსხდეთ და ვიმეცადინოთ". ჩემთვის აქ იყოფა გზები. ყველაზე მნიშვნელოვანია გავარკვიოთ - რანაირი განწყობით ვიწყებთ ბავშვთან სწავლებას. ჩვენ მას განვაწყობთ, მისთვის სასიამოვნოდ და საინტერესოდ ვსახავთ ამ პროცესს, თუ პირდაპირ ვუსახავთ რაღაც დავალებას, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია სტრესთან, დაძაბულობასთან, შეცდომებთან, შემდეგ მშობლის უკუკავშირთან, რომლის ტონიც ხშირად გაღიზიანებულია. ეს არის გასამიჯნი, როგორ იწყებს ბავშვი მეცადინეობას.
ჩემი გადმოსახედიდან, ზაფხული არის პერიოდი, როდესაც ბავშვმა დანაკლისები უნდა აინაზღაუროს და ჩვენ ამაში ხელი კი არ უნდა შევუშალოთ, არამედ ხელი შევუწყოთ. მეცადინეობა ცოტა დაძაბული სიტყვაა, შემეცნებისთვის დრო ყოველთვის რჩება, არ არის აუცილებელი დავარქვათ სწავლის საათი, ან დავსვათ მაინცდამაინც კაბინეტში. ზაფხული არის პერიოდი, როდესაც ნამდვილი რამეების აღმოჩენა შეუძლიათ ბავშვებს, მხოლოდ დასვენება არ არის, შესაძლოა, ისეთ ინტერესს მიაგნოს, რისი სივრცე და დრო წლის განმავლობაში არ ჰქონდა. მაგალითად კარგი ქცევა იქნება მშობლისგან, თუ გამონახავს დროს და წაიყვანს ლაშქრობაზე, სადაც ბევრი რამის შემეცნებასთან ერთად, დიდი სივრცეა საინტერესო საუბრებისთვის. ეს არის პერიოდი გამოცდილებისთვის. თამაშით სწავლება გულისხმობს იმას, რომ ბავშვი გამოცდილებით მისწვდეს ცოდნას.
რეჟიმს და მოწესრიგებულ განრიგს ძალიან კარგი შედეგი აქვს. სადილიდან ვახშმამდე, როდესაც მცხუნვარე მზეა, ძალიან კარგი მომენტია იმისთვის, თუ ბავშვს წავახალისებთ კითხვისთვის. თუ ვატყობთ, რომ არ უნდა, არ ემორჩილება მშობელს, აქ დავფიქრდეთ რაშია საქმე - რატომ არ უნდა კითხვა, ხომ არ უჭირს კითხვა, ფაქტია, დამოკიდებულებაშია პრობლემა, არ აქვს მნიშვნელობა, წლის რა პერიოდია, თუ კატეგორიულად არ უნდა წიგნთან მისვლა, იქ სხვა რამეა გამოსაძიებელი. თუ ასეთი სიტუაცია გვაქვს, იქ უნდა მივეხმაროთ და გამოვიძიოთ.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიცნობდეთ ჩვენს შვილს, ვიცოდეთ მისი ტემპერამენტი, ინტერესები და, რაც მთავარია, შესაძლებლობები. არ უნდა გავცდეთ ჩვენი შვილის შესაძლებლობებს და არ უნდა დავამყაროთ იმაზე დიდი მოლოდინი, ვიდრე შესაძლებლობა არის," - განაცხადა ფსიქოლოგმა.