"ქურდულ სამყაროსთან" კავშირში ბრალდებულ 8 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულების ადვოკატები საქმის მასალებს უკვე გაეცნენ.
ერთ-ერთი დაკავებულის, ზურაბ გუჯეჯიანის ადვოკატი ლია ლომაური აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება.
"საქმეშიც არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალი უსაფუძვლოა. ვიდეო და აუდიო ჩანაწერი არ არის ისეთი მყარი მტკიცებულება, უნდა დადგინდეს მისი ავთენტურობა და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებებს.
ამ ადამიანს კანონიერ ქურდებთან არანაირი კავშირი არ აქვს, არც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მისი რაიმე კავშირი "ქურდულ სამყაროსთან" არ იკვეთება და, შესაბამისად, ველოდებით სამართლიან გადაწყვეტილებას მომავალში,"-აცხადებს ადვოკატი.
კიდევ ერთი დაკავებულის, ჯამლეთ გუჯეჯიანის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რეალურად, დაზარალებულია.
"არავითარ ქურდულ გარჩევას ადგილი არ ჰქონია. აღვნიშნავ, რომ ისე წარიმართა მოცემული საქმის გამოძიება, რომ რეალური დაზარალებული გახდა ბრალდებული, ხოლო ფულის გამომძალველი გახდა დაზარალებული. არსებობს ჩანაწერები, რაც უდავოდ არის დადასტურებული, რომ არანაირ მუქარას და ფულის გამოძალვას ადგილი არ ჰქონდა, არავითარი ქურდების დასახელებას ადგილი არ ჰქონია,"-აცხადებს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირისთვის 8 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ მოქალაქეს უკვე ბრალდებულ პირთან პროცენტიან სესხთან დაკავშირებით ფინანსური დავა წარმოექმნა. დაკავებული, სადავო საკითხის მოსაგვარებლად "ქურდული სამყაროს" წევრებს დაუკავშირდა.
დანაშაული 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.