წლის ანტირეკორდი - კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ პიკს მიაღწია. ქვეყანა წითელ ზონაშია, ბოლო დღე-ღამეში კოვიდი 2 616 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი ახალშობილია. ეს საქართველოსთვის კორონავირუსით ჩვილის გარდაცვალების მეორე შემთხვევაა.
ჯანდაცვის მენეჯერები მოსახლეობას მოუწოდებენ აიცრან და დაიცვან რეკომენდაციები, რომელთა შორის დღეიდან პირბადის გარე სივრცეში ტარებაც არის. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში, ეს რეკომენდაცია წესად იქცევა და სანქცია ისევ ძალაში შევა.
"ჩვენი ქორწილები და ქელეხები მსხვერპლშეწირვას ემსგავსება" - განცხადება პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, თავი შეიკავონ ხალხმრავალი შეკრებებისგან.