საქართველოს საპატრიარქომ რუსეთისა და საქართველოს კათალიკოს პატრიარქების მიმოწერა გაასაჯაროვა. წერილები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გათავისუფლებას ეხება.
წერილში რუსეთის პატრიარქი კირილე წერს ილია მეორეს, რომ მიუხედავად გახელაძის მძიმე ბრალდებისა, მისი მხრიდან გადაიდგა ყველა საჭირო ნაბიჯი აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტისათვის და, მათ შორის, სათანადო მიმართვა გაგზავნა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტთან, ანატოლი ბიბილოვთან.
"ზ. გახელაძის დაჭერის ცნობილი გარემოების და მისთვის წაყენებული ბრალდების გამო, რომლითაც იგია გასამართლებული (მესაზღვრის სიცოცხლის ხელყოფა), საქმე ნამდვილად არ არის ადვილად გადასაწყვეტი.
მიუხედავად ამისა, ჩემის მხრიდან გადაიდგა ყველა საჭირო ნაბიჯი აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტისათვის; მათ შორის სათანადო მიმართვაც გაიგზავნა ბატონ ა.ი. ბიბილოვთან.
გვაქვს იმედი, რომ ერთობლივი ძალისხმევით მივიღებთ ისეთ შედეგს, რომელიც შეამსუბუქებს დაკავებულის ხვედრს და ახლობლების მწუხარებას,"-წერს რუსეთის პატრიარქი.
საპასუხო წერილში ილია II მადლობას უხდის რუსეთის პატრიარქს ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში დახმარებისთვის.
"ასეთი ნაბიჯები განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობებს და მადლიერების გრძნობის გამოძახილს იწვევენ მოსახლეობაში,"- წერს საქართველოს პატრიარქი.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე 14 ივლისს ტყვეობიდან გაათავისუფლეს.