თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 5 ივლისს "რუსთავი 2-ის" და "ტვ პირველის" ოპერატორებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი წიგნაძეს და უშანგი დათუნაშვილს პატიმრობა შეეფარდათ.
“ძალადობა მიუღებელია, ხომ ყველა ვთანხმდებით, "მაგრამ" აღარ უნდა ამას”, – განაცხადა მოსამართლე რომან ხორავამ.
მოსამართლის განმარტებით, მომატებული საფრთხის გათვალისწინებით, ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდება მიზანშეწონილია, თუმცა ეს გადაწყვეტილება, შესაძლებელია, 2 თვეში გადაიხედოს.
ბრალდებულებს ბრალი ედებათ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებში. მათ სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით ედებათ ბრალი.